"ქართველები თითქმის უნაკლოები ხართ, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს?!" - კვირის პალიტრა

"ქართველები თითქმის უნაკლოები ხართ, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს?!"

რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ჰოლივუდელი რეჟისორი, რომელიც გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართულ ტელესერიალზე მუშაობს

"ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ოდესმე მომიწევს საქართველოს დატოვება და ამაზე ფიქრი ძალიან მიმძიმს. ჩემი მშობლები ხანდაზმულები არიან და მათზე უნდა ვიზრუნო", - ამბობს ამერიკელი თომას ბერნსი, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ახლა რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართულ ტელესერიალზე მუშაობს...

- ათი წელი ჰოლივუდში გავატარე. თავიდან ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ განათების დეპარტამენტში ვმუშაობდი... ვთანამშრომლობდი ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან, მათ შორის, რობერტ დე ნიროსა და სხვა ვარსკვლავებთან...

- საქართველოში როდის ჩამოხვედით?

- 90-იანი წლების ბოლოს ორი წელი ვიცხოვრე საქართველოში. მინდოდა, მემუშავა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელმაც ორი ომი გადაიტანა. ძალიან რთული დრო იყო. ბევრმა იმ წლებში ქვეყანა დატოვა, შემდეგ ნაწილი დაბრუნდა და დასავლური ღირებულებები ჩამოიტანა...

მაშინ ძალიან მომეწონა საქართველო და ისევ მომინდა დაბრუნება. უკვე მეორე წელია აქა ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ყოველთვის ვადარებ საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას 90-იან წლებს და ვხედავ, რომ წარმოუდგენელი წინსვლაა. კარგად მახსოვს, ეზოში ცეცხლი ენთო, მთელი კორპუსი ამზადებდა საჭმელს და მუდმივად შუქს ითხოვდნენ. ახლა საქართველოში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში გაღიმებულ ქართველებს ვხედავ, ეს ბედნიერებაა...

- მოასწარით საქართველოს ყველა კუთხის გაცნობა?

- ვიყავი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ხარაგაულში, ჩარგალში, მესტიაში და ასე შემდეგ... ჩარგალშAი "ვაჟაობას" დავესწარი, ეს ფანტასტიკური დღე იყო. ძალიან მომწონს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. მახსოვს, დედაჩემი ჩამოვიდა და 1999 წელს ერთად ვეწვიეთ მესტიას. მაშინ მესტიაში ასვლა ადვილი არ იყო. გაგვიმართლა, რომ მეგზურად ცნობილი ალპინისტი გვყავდა. Dმე და დედა ბედნიერები ვართ, რომ მესტია მანამდე დავათვალიერეთ, ვიდრე იქ ცვლილებები მოხდებოდა. ცვლილებები კარგია, მაგრამ ძველი მესტიაც უნდა ენახა ყველას...

- საქართველოში გყავთ ახლო მეგობარი - მარო ბებო...

- დიახ, მარო გონჯილაშვილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარია. სულ რამდენიმე დღეში მარო ბებო 89 წლის გახდება. ის თიანეთის გამგებელი იყო და ედუარდ შევარდნაძის ახლო მეგობარი გახლდათ... მარო ბებო გასულ ზაფხულს თიანეთში გავიცანი. ახლა მისი ოჯახი იმდენად ახლობელია, რომ ჩემს ქართულ ოჯახად ვთვლი.

ბევრი მეგობარი მყავს. მეუბნებიან, გასწავლით, სად მზადდება საუკეთესო ხინკალიო და ხან სად მივყავარ, ხან სად, მაგრამ ყველაზე გემრიელი ხინკალი მარო ბებოს ოჯახში მზადდება.

- საქართველოში რას საქმიანობთ?

- ვარ დამდგმელი რეჟისორი ახალი სატელევიზიო სერიალისა, რომელსაც გოგა ხაინდრავა იღებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართულ ტელესივრცეში ეს იყოს ყველაზე მაგარი სერიალი...

სანქტ-პეტერბურგში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თუმცა მხოლოდ საქართველოში ვიპოვე ის, რაც თავს მაგრძნობინებს, რომ ჩემს სახლში ვარ.

- საქართველო ძალიან გიყვართ, მაგრამ, თქვენი აზრით, უნაკლოები ვართ?

- თითქმის, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს? ამერიკაში ყველაზე ძველი შენობა 250 წლისაა, აქ შევდივარ ტაძარში, მეუბნებიან, მეოთხე საუკუნისააო. ვამბობ, ო, ღმერთო ჩემო! Gგამოვდივარ და, ეზოში ნაგავს ვხედავ, გული მისკდება.

საქართველოში ყველაფერი მიყვარს და მახარებს. ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ოდესმე წასვლა მომიწევს და ამაზე ფიქრი ძალიან მიმძიმს. ჩემი მშობლები ხანდაზმულები არიან და მათზე უნდა ვიზრუნო.  ძალიან სასიამოვნოა ქართველ კოლეგებთან მუშაობა. ჩემი მიზანია, საქართველო სხვა თვალით დავანახო უცხოელებს. ბევრი მეგობარი უკვე ჩამოვიყვანე. სექტემბერში, ჩემი რეკომენდაციით, უცხოელების კიდევ სამი ჯგუფი ჩამოვა. ვიცი, როგორ მოეწონებათ აქაურობა და Eეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია.

მანანა გაბრიჭიძე