ბიჭუნათა კაპელის ახალი სიცოცხლე - ჯანსუღ კახიძის ოცნება კიდევ ერთხელ ახდება - კვირის პალიტრა

ბიჭუნათა კაპელის ახალი სიცოცხლე - ჯანსუღ კახიძის ოცნება კიდევ ერთხელ ახდება

"ამ საქმეში ყველაზე მეტად იმ ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა გამახარებს, რომელთა მშობლებსაც ხელმოკლეობის გამო ვერ მოუხერხებია შვილის გზაზე დაყენება"

როგორც გავიგეთ, დირიჟორი გელა ფარჩუკიძე იმ კაპელის აღდგენაზე მუშაობს, რომელიც საზოგადოებას ამ 15 წლის წინ პირველად წარუდგინა დიდმა მაესტრომ - ბატონმა ჯანსუღ კახიძემ. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს ის ბრწყინვალე კონცერტები,რომელბსაც თავად მაესტრო მართავდა და უდიდეს სიხარულს ანიჭებდა ჩვენს საზოგადოებას. დავინტერესდით ამჯერად რა და როგორ იგეგმება და ბატონ გელას დავიკავშირდით.

- ეს კაპელა იყო, არის და იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება თავის დროზე ბიჭუნათა კაპელის შექმნას - იდეაც და მისი ხორცშესხმაც ბანტონ ჯანოს ეკუთვნოდა, მე მქონდა პატივი, რომ მაესტროს თანამოაზრე და მისი დიდი ხნის ოცნების აღმსრულებელი ვყოფილიყავი.

- ანუ ასეთი კაპელის შექმნა მაესტროს დიდი ხნის ნატვრა იყო?

- კი, ასე იყო - როგორც თავად მითხრა, ძალიან დიდი ხანი უნდოდა ამისი გაკეთება. საქმე ის გახლავთ, რომ ბტონი ჯანო მართლაც უდიდესი მუსიკოსი იყო და ასეთივე დიდი მოღვაწე, მოაზროვნე და ჰუმანისტი, ამიტომ ეკიდებოდა უდიდესი სიფრთხილით ამ კაპელას შექმნას. ძალიან ფრთხილობდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ იგი ამ დროს უკვე მსოფლიო არენაზე იყო გასული და დროის უმეტეს ნაწილს ქვეყნის გარეთ ატარებდა, კაპელას შექმნას კი ბავშვივით მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა. მეორე, და მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას უნდოდა შეექმნა იმ რანგის კაპელა, რომლის მსგავსი მას რომში, ბერლინში,ლაიფციგში,მადრიდში, ვენასა და მოსკოვში ეგულებოდა.

იმჟამად უკვე ოპერის მთავარი ქორმაისტერი და პარალელურად კონსერვატორიის სტუდენტთა გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელი ვიყავი. მიუხედევად იმისა, რომ არ მეთქმოდა გამოუცდელი ლოტბარი, მაესტრომ ამ საქმის წამოწყება სთხოვა თავის მეგობარს, ამ საქმის უდიდეს ოსტატს, ბრწყინვალე ლოტბარს, ვიქტორ პოპოვს და მასთან ერთად მიმავლინა მოსკოვში ამ საქმის დეტალურად შესასწავლად. აქედან 6 თვეში, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და გამოვაცხადეთ ბიჭუნების მიღება, რასაც ათასზე მეტი მსურველის გამოხმაურება მოჰყვა. ეს იყო უდიდესი მოვლენა მაშინ. საბოლოოდ კი ამ ათასიდან 80 ბიჭუნა შეირჩა.

- რამდენად რთული იყო ამ კაპელის შექმნა, როგორც ვიცი, ეს საკმაოდ "ძვირი" სიამოვნებაა და მსოფლიოში სულ რამოდენიმე ასეთი კაპელაა ცნობილი...

- მართალი ხართ , კაპელას შექმნა დიდი და ურთულესი პროცესია და ის უცებ ვერ კეთდება... მითუმეტეს, რომ ის მუდმივად, თითქმის ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს. ხომ ხვდებით რა ასაკზეა ლაპარაკი - 6 -დან 15-16 წლამდე. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვში ყოველ წელს კი არა, ყოველ თვე და ყოველ კვირა იცვლება რაღაც. ბავშვი რომელიც მაღალ ხმად - დისკანტად მიიღე - ძალიან მალე ვაჟკაცდება და შენ უკვე ახალ ხმას, მის შემცვლელს ეძებ. ის კი უკვე სხვა ხმაში გადადის და ასეა დაუსრულებლად... მინდა აღვნიშნო, ამ კაპელამ, მიუხედავად თავისი არსებობის მცირე დროისა, მოსწრო ბევრის გაკეთება და გარკვეულ წილად ამ სფეროში "ნიშის" დატოვება. მან მრავალი ისეთი ნაწარმოები შეასრულა, რომელიც არც მანამდე და არც მის მერე არ შესრულებულა. ეს იყო როგორც ქართული,ისე კლასიკური მუსიკის შედევრები.

- კაპელას დაშლის მიზეზი მხოლოდ მაესტროს გარდაცვალება იყო?

- იცით, მაესტროს გარდაცვალება მთელი ერისთვის ტრაგედია იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა კაპელას დაშლის მთავარი მიზეზი. მისი გარდაცვალების მერე დაიწყო შენობის რემონტი, რომელიც, სამწუხაროდ, წლები გაგრძელდა. შენობა აბსოლიტურად პარალიზებული იყო და რომ არა ბატონი ვახტანგ კახიძის თავგანწირული შრომა, ეს შენობა საერთოდ აღარ იარსებებდა. ამასობაში კი ბიჭუნები დაკაცდნენ და დაოჯახდნენ კიდეც..

- კაპელას ბიჭუნებიდან ბევრი გაჰყვა მუსიკას?

- კი, საკმაოდ ბევრი, რამდენიმე უკვე ცნობილი მუსიკოსია.ზოგი ჯერ კონსერვატორიის სტუდენტია, ზოგი ექიმი გახდა, ზოგიც - სახელმწიფო მოხელე... ჩვენ "მამაოც" კი გვყავს - ბერი, მღვდელ-მონაზონი მამა მოსე. მაგრამ იცით, აქ მუსიკოსობა, როგორც პროფესია იმდენად არაა მთავარი - ვიდრე ის მარად უკვდავი ხელოვნება, რომლებსაც ბავშვები აქ ეზიარებიან და ამის შემდეგ იზრდებიან ამ სულიერი საგანძურით.

- როგორც ვიცით, გადაწყვიტეთ მაესტროს ოცნება კიდევ ერთხელ გააცოცხლოთ და კაპელა სრულიად უსასყიდლოდ ჩამოაყალიბოთ...

- დიახ. ამ საქმეს დიდი სიხარულით მოვკიდე კიდევ ერთხელ ხელი, უკვე დავიწყეთ 6 დან 15 წლის ჩათვლით ნიჭიერი ბავშვების მიღება, თუმცა შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი და 5 ან 16 წლის ნიჭიერ ბიჭუნებსაც არ დავწყვიტოთ გული. კაპელაში მიღება და სწავალაც უფასო იქნება. კაპელა ამჯერად ჩამოყალიბდება თბილისის მიზანდარის სახელობის № 1 ხელოვნების სკოლის ბაზაზე და ბიჭუნების შესარჩევი კონკურსიც ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ საქმეში ყველაზე მეტად იმ ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა გამახარებს, რომელთა მშობლებსაც ხელმოკლეობის გამო ვერ მოუხერხებია შვილის გზაზე დაყენება.

ანა გიორგაძე