"მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს" - კვირის პალიტრა

"მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს"

ჟურნალმა "გზამ" ინტერვიუ მოამზადა მუსიკისა და დრამის თატრის მსახიობ ბუბა გოგორიშვილთან, რომელმაც სულ ახალახან მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლ "მედეაში" ლეგენდად ქცეული კოლხი ქალი ითამაშა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც ბუბა მსოფლიო კინოს ლეგენდასთან ალ პაჩინოსთან შეხვედრას იხსენებს:

ნიუ-იორკი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია. იქ პირველად სამი წლის წინ, სპექტაკლით - "გაყრა" მოვხვდი და მაშინ მივხვდი, თუკი რამეზე მიოცნებია ბავშვობაში ან მას შემდეგ, ამ ქალაქში ყველაფერია თავმოყრილი. ახლაც კი მონატრების განცდა მაქვს. საერთოდ, ძალიან ცოტა ადგილი მიყვარს ასე ძალიან და მათ შორის ერთ-ერთი იერუსალიმია, რომელზეც ვფიქრობ, ლაპარაკი შეუძლებელია.

ის არაფერს შეედრება და ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკს ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. მხოლოდ ნიუ-იორკზე ვიტყვი: ჰოლივუდური ფილმები ყოველ წუთს გახსენებს ამ ზღაპრულ ქალაქს. თან, იქ ალ პაჩინო ვნახე სცენაზე და ეს კიდევ ცალკე ახდენილი ოცნებაა. ორკაციან სპექტაკლში, ორსაათ-ნახევარი ეს ადამიანი სცენაზე საოცარი ენერგიით მუშაობს. მართლაც, ჯადოსნური არტისტია. სპექტაკლის შემდეგ, მაყურებელი მსახიობებს გარეთ ელოდება. თუ როგორ გამოდის ალ პაჩინო ხალხთან შესახვედრად, ეს კიდევ ცალკე თემაა. მაქსიმუმ 10 წუთით ჩერდება ხალხთან და ის იმდენად შინაური ხდება ყველასთვის, რომ არავითარ ბარიერს არ გრძნობ. ხელიც ჩამოვართვით, ავტოგრაფებიც დაგვირიგა. რაიმეს ჰკითხავ და, გპასუხობს. ყველას, ვინც კი ფურცელი მიაწოდა, ავტოგრაფი მისცა; თუ ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ, არც ამაზე ამბობდა უარს. ალბათ, მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში

ანა კალანდაძე