"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო" - კვირის პალიტრა

"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"

ჟურნალ "გზას"  რუბრიკაში "დაუსრულებელი წინადადება" სტუმრობს მსახიობი დავით ხახიძე. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თეატრის სცენაზე თამაშობს, პოლულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. მისი გმირი, ზვიადი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ ამჟამად სერიალში შესვენების პერიოდი აქვს. სამაგიეროდ, დაკავებულია გოგა ხაინდრავას ფილმში, რომლის პრემიერაც ზაფხულისთვის იგეგმება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თავისუფლება...

- ...ეს არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა. თავისუფლება მშვიდად ფიქრია შენზე, სამშობლოზე, სამყაროზე... ვაჟა-ფშაველას აქვს ძალიან საინტერესო წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ". მას ამ წერილში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები და საერთოდ, ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია.

კადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა ბედისწერის არსებობაში, მაგრამ ამ ამბებს იმ მიზეზის გამო ვერ გიამბობთ, რომ ძალიან პირადულია.

.....

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ ათას რამეზე. განმარტოება, ტყეში სიარული, თევზაობა მიყვარს, ნადირობა - ნაკლებად. მიყვარს ბუნება, იქ ფიქრისთვის მეტი დრო გაქვს. ვთვლი, რომ კარგი მეთევზე ვარ. ამ პროცესზე ვგიჟდები, ეს ჩემი ჰობია. შემიძლია, სათევზაოდ ყოველდღე ვიარო, უმეტესად - ხრამზე ვთევზაობ, რადგან სუფთა მდინარეა. თევზაობისთვის მომზადება ეს მთელი რიტუალია. ასეთ დროს ყველა ყოფითი საფიქრალი უკან გრჩება. სოფელზე და ბუნებაზე შეყვარებული კაცი ვარ. ჩემი გვარი თუშურია, ხახიძეები სოფელ აგიურთიდან ვართ. ეს სოფელი შენაქოსთან ახლოსაა.

- ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...როცა თბილისის "დინამო" ჩემპიონი გახდა, მე და მამა ამ თამაშს ერთად ვუყურებდით. მამაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, ქვეყნად ვინმე ჩემზე მეტად თუ უყვარდა. ამ დღეს მკითხა, - იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო. ცუდად გავხდი, საშინლად მეწყინა და მასთან დალაპარაკება აღარ მინდოდა. ბუნებრივია, მაშინ მისი ნათქვამი ვერ გავაცნობიერე. გავიდა წლები და შეგნებულ ასაკში მივხვდი, რას ნიშნავდა მამის ნათქვამი. მისი განზრახვა ალბათ, ის იყო, რომ ბავშვობიდანვე უფრო მეტი მეფიქრა სამშობლოზე.

სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში

თამუნა კვინიკაძე