ნანატრი ოსკარი და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი" გადასცეს - კვირის პალიტრა

ნანატრი ოსკარი და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი" გადასცეს

ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარების" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

დაჯილდოების ერთ-ერთი კულმინაციური და შეიძლება ითქვას, წლევანდელი ოსკარის მთავარი ინტრიგა "საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" კატეგორია იყო, რადგანაც ნომინირებული იყო ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც მანამდე უკვე ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა მას მხოლოდ გუშინ გაუმართლა და თავისი კარიერის განმავლობაში "ოსკარი" პირველად მოიპოვა.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ლეომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, მისი გულშემატკივრების უზარმაზარი არმია კი კუმირის გამარჯვებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზეიმობდა, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა, რადგან დიკაპრიოს აქაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ოსკარის მიღების შემდეგ, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ფილმის გადამღებ ჯგუფს, რეჟისორს, საკუთარ ოჯახს. ამას გარდა, სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას დიკაპრიო შეეხო კლიმატის ცვლილების პრობლემას.

"კლიმატის ცვლილება რეალურია და ეს სწორედ ახლა ხდება. ეს არის საფრთხე, რომელიც ყველა ცოცხალი სახეობის წინაშე დგას. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც დიდ კორპორაციებზე კი არ საუბრობენ, არამედ კაცობრიობისთვის, მილიარდობით ადამიანისთვის, რომლებზეც გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას; ჩვენი შვილების შვილებისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, ვისი ხმაც პოლიტიკურმა სიხარბემ ჩაახშო. დიდი მადლობა ამ საოცარი ჯილდოსთვის".

იხილეთ ფოტოგალერეა: "ოსკარების" საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

ვიდეო