"დევიდ კომა მაცვია" - ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში - კვირის პალიტრა

"დევიდ კომა მაცვია" - ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში

პოპდივა ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკში, "ენ-ბი-სი იუნივერსალის" პრეზენტაციაზე, ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბით წარსდგა. წამყვანის კითხვაზე, თუ ვის სამოსშია იყო მომღერალი გამოწყობილი, ჯენიფერ ლოპესმა უპასუხა: "დევიდ კომა მაცვია".

როგორც ცნობილია 46 წლის მომღერალი ქართველი დიზაინერის სამოსით ხშირად ჩნდება საზოგადოებაში. (ვიდეო)

საკუთარი ბრენდი - "დევიდ კომა" მან 2009 წელს დაარსა და მალე მსოფლიოც აალაპარაკა. მისი კაბები ბიონსემ, მეგან ფოქსმა, გვინეტ პელტროუმ, კამერონ დიასმა, ევა ლონგორიამ, ჯენიფერ ლოურენსმა, ჰოლი ბერიმ, კერი ვაშინგტონმა და კიდევ მრავალმა მეგავარსკვლავმა ჩაიცვა.

დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. "კვირის პალიტრის" არქივი ცნობილ დიზაინერთან ინტერვიუს ინახავს. გთავაზობთ ამონარიდებს:

დევიდ კომა:

"ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ. წარმატება და ადამიანობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და მხოლოდ საკუთარ თავში დაურწმუნებელი, კომპლექსიანი ადამიანები ცდილობენ ისეთებად წარმოჩნდნენ, რაც სინამდვილეში არ არიან. მათ შემხედვარეს, ძალიან მეცინება და მებრალებიან კიდეც. ასეთებს პატივს ვერასდროს ვცემ. რაც ხარ, ის უნდა იყო - ესაა მნიშვნელოვანი".

დავითი ბავშვობიდან კარგად ხატავდა, დაკვირვებული თვალი ჰქონდა და შეუმჩნეველი არ რჩებოდა ახლობლების ჩაცმულობისა და ვარცხნილობის უმნიშვნელო დეტალიც კი. მართალია, მამამისს, ყოფილ ფეხბურთელ კოკა კომახიძეს მისი ფეხბურთელობა ეოცნებებოდა, მაგრამ დათოს არც ფეხბურთი აინტერესებდა და არც ჩოგბურთი, თუმცა მამის ხათრით ორივე მოსინჯა. 9 წლის იყო, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში რომ წაიყვანეს. 13 წლისამ ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურს "ადმირალტეისკაია იგლაში" 100-ზე მეტ სტუდენტს შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ამას კიდევ ბევრი წარმატება მოჰყვა და 15 წლის ასაკში რუსეთში მას "ვუნდერკინდი" უწოდეს.

"მთავარი ის კი არ იყო, ვთქვათ, ადრეულ წლებში დედაჩემის - ლალის მოქსოვილი კაბა რომ გამოვიტანე ჩვენებაზე, ან შეკერვაში დედა რომ დამეხმარა, გაცილებით მნიშვნელოვანი მისი დარიგება იყო, თვითონ, დამოუკიდებლად გავცნობოდი, წამეკითხა, შემესწავლა, მომეფიქრებინა, მიმეგნო, ჩავწვდომოდი სამოდელო საქმის თითოეულ ნიუანსს, დეტალს, თვითონ დამემყარებინა კონტაქტებიც. მოკლედ, ჩემ მაგივრად არავის არაფერი უკეთებია და ეს ძალიან დამეხმარა. მშობლების მადლიერი ვარ, დამოუკიდებლობის უფლება რომ მომცეს".

(იხილეთ ინტერვიუ სრულად)