30 ივლისს Black Sea Arena-ს კრისტინა აგილერა გახსნის - კვირის პალიტრა

30 ივლისს Black Sea Arena-ს კრისტინა აგილერა გახსნის

როგორც ცნობილია, შეკვეთილში მდებარე ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი -  Black Sea Arena, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ ააშენა, საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა - შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

10 ივლისს შეკვეთილში  Black Sea Arena-ზე გამართულ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული განსაკუთრებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საკონცერტო დარბაზი სულ მალე მაღალი დონის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

საკონცერტო დარბაზ  Black Sea Arena-ს პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა გახსნის. ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ  Black Sea Arena-ზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი 30 ივლისს იმღერებს. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.

კონცერტზე მომღერალი სპეციალურად  Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და მის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან www.tkt.ge 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება.