"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს? - კვირის პალიტრა

"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?

"გული მწყდება, რომ ქართული ხასიათი კინოშიც იკარგება"

"სულ გვთხოვენ, შენს გმირს მოაკელი ემოცია, მინიმალიზმიო... მინიმალიზმი არაფრის კეთებას კი არ ნიშნავს..."

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ია სუხიტაშვილის ცხოვრებაში მსახიობ მიშა მესხთან განშორების შემდეგ ბევრი სიახლეა. თუმცა ყველა მხოლოდ მის პროფესიას უკავშირდება.

- თქვენ არაერთ ფილმში გადაგიღეს. ყველამ წარმატება მოიპოვა სხვადასხვა კინოფესტივალზე.

- წარმატება გვახარებს, მით უმეტეს, საერთაშორისო, თუმცა ყველაზე მეტად ფილმის ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენას განვიცდით. "არ მინდა მომეწონოს" - პირდაპირ ამ განწყობით მოდიან კინოთეატრში, რადგან ფილმში მისი მეგობარი ან მისი "სასტავი" არ მონაწილეობს... ასე არ შეიძლება.

- ქართულ პოლიტიკაშიც ასეა. როგორ გავლენას ახდენს პოლიტიკა ხელოვანთა ცხოვრებაზე?

- პოლიტიკა არ უნდა იჭრებოდეს თეატრში, კინოში. ხელოვანი არ უნდა ეწირებოდეს ხელისუფლების ცვლილებებს...

გული იმაზე მწყდება, რომ არ მინდა დაიკარგოს რაღაც... ქართული ხასიათი ნელ-ნელა კინოშიც იკარგება. დღეს, როდესაც რეჟისორი იღებს ფილმს მაგალითად, თბილისურ უბანზე, სადაც თბილისური ურთიერთობების გამოხატვა სჭირდება, ამას მსახიობს უემოციოდ აკეთებინებს, არადა, ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ეს ნელ-ნელა იკარგება კინოში. სულ გვთხოვენ, მოაკელი ემოცია, მინიმალიზმიო. მინიმალიზმი არაფრის კეთებას კი არ ნიშნავს... თუ ფილმში, ვთქვათ, ქართველ ქალს უკვდება ქმარი, მწუხარებას გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; უყვარდება გოგოს ბიჭი, სიყვარულს გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; ქალი გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, ეჭვიანობას გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი. არადა, არა ვართ ასეთები ქართველები. მე მყავს მეგობრები, რომლებიც იტალიურ ეზოში ცხოვრობენ და ზუსტად ვიცი, როგორი ხმაური, ჟრიამული და გადაძახილებია ამ ეზოებში დღემდე. როცა ასეთ თემას ირჩევ კინოში გადასაღებად, მოდი და, გაითვალისწინე ქართული ხასიათი. რატომ მიყვარს იტალიური კინო? იმიტომ, რომ გროტესკულიც არის, ემოციურიც, ეს მათ შენარჩუნებული აქვთ. ფრანგული ფილმები იდუმალიც არის, ცოტა ეროტიკული, ანუ თავის ნიშას ყველა ინარჩუნებს. ჩვენ რატომ ვღალატობთ ამას, ვერ გავიგე...

დღემდე ძალიან მიყვარს "ფეოლა". "ჯარიკაცის მამას" ერთი კადრის გამო ვაღმერთებ - როდესაც სერგო ზაქარიაძის გმირს კახეთიდან ომში აცილებენ შვილის მოსანახულებლად, რაღაც გვითხარიო, ეუბნებიან. "რა უნდა ვთქვა, მივდივარ და მივდივარ, ეგ არის და ეგა!" - ამ ერთ ფრაზაში აჩვენა კახელი კაცის ბუნება, ერთ ამოსუნთქვაში. ასეთი ფრაზებისა და მომენტებისგან შედგებოდა ქართული კინო, რომელმაც მოაღწია დღემდე და, მგონი, ცოტათი ვკარგავთ ამ განწყობას.

- ზაფხულში რას აპირებთ?

- ზაფხულს თბილისში გავატარებ. რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო და რეპეტიციები გვექნება.

- ვის ასახიერებთ?

- ვერ გეტყვით, აკრძალული გვაქვს.

- მიშა მესხსა და თქვენს ურთიერთობაზეც გკითხავთ.

- ყველაფერი როგორც იწყება, ისე სრულდება. ჩვენ შორისაც დასრულდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა. თავიდან ბოლომდე სამუშაოში ვარ ჩართული.

ეკა სალაღაია