რა "პროვოკაციას" ამზადებს ანრი ჯოხაძე?! - კვირის პალიტრა

რა "პროვოკაციას" ამზადებს ანრი ჯოხაძე?!

რა თემებზე ალაპარაკდა მომღერალი და როდის ჰპირდება მსმენელს "კულტურულ შოკს"

"თბილისოს" გარემიქსების შემდეგ ხალხის რეაქციაზე ისე ცუდად გავხდი, ოჯახში სასწრაფო გამოიძახეს"

ანრი ჯოხაძე პირველი გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება. სარეკლამო რგოლში, რომელიც ტელეეთერში უკვე გადის, მომღერლის სიმღერის ფონზე გაისმის ფრაზები: "ადამიანი რომ "თბილისოს" გაარემიქსებს, დასაჭერია"; "ეგ საქართველოში ვერაფერს მიაღწევს", "ვის უნდა ამის ისტერიული კივილი?!", "ეს ამ კონცერტზე არ იმღერებს", "გახიშტული ჯოკერი"... - ამ ფრაზებს მომღერალი წლების განმავლობაში ისმენდა...

როგორ ემზადება მომღერალი კონცერტისთვის და რატომ ჩადო პირველი სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ასეთი პროვოკაცია, ამ კითხვებს ანრი ჯოხაძე პასუხობს:

- ამდენი წელია სცენაზე ხარ, აქამდე რატომ ვერ შეძელი სოლო კონცერტის გამართვა?

- ყოველთვის იყო ხელის შემშლელი ფაქტორები. წელს ორმაგად სასიამოვნო ის იყო, რომ საქართველოს კულტურის განვითარების ფონდმა ქართველი მომღერლების დასახმარებლად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გადაწყვიტა, რომ სცენას, აპარატურასა და ტერიტორიას დაგვითმობდა, რაც მთავარია, უსასყიდლოდ! აქ ჩემს ფრაზას დავამატებ, ვისაც ტ...**კი გაქვთ, გააკეთეთ. მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ...****ანი ბიჭი ვარ...

- სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ის ფრაზებია გაბნეული, რომელსაც წლების განმავლობაში შენზე ამბობდნენ. რატომ გადაწყვიტე, რომ ეს რეპლიკები კონცერტის წინ სარეკლამო ნაწილში გამოგეყენებინა. ერთგვარი ანგარიშსწორება ხომ არ არის?

- სარეკლამო რგოლიდან გამოსროლილი ფრაზები არაფრით არ შეიძლება ანგარიშსწორებად ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ პერსონას ისე უმნიშვნელოდ, ეს გამეკეთებინა. უბრალოდ, გავლილი ეტაპია, რომელიც ყოველთვის მახსოვს და მაძლიერებს. ამასთან, იმ ახალგაზრდა დამწყები მომღერლებისთვის მაგალითია, რომ არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება დისკრედიტაციას, ტალახის სროლას. პრინციპში, ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ

ოდესმე ვიღაცაზე გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება მომავალში რეკლამად აქციოს და ამით ფულიც იშოვოს.

ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც დამწყები მომღერალი სცენაზე ადის...

- "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ რომ ითქვა, დასაჭერიაო, რა რეაქცია გქონდა?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, გეტყვი, რომ სარეკლამო რგოლში მხოლოდ ის ფრაზებია გამოყენებული, რომლებიც კორექტულობას არ სცდება და მისი საჯაროდ თქმა შეიძლება. თუმცა ამის პარალელურად ჩემი შეურაცხმყოფელი ფრაზების ისეთი სია მაქვს შედგენილი (მეგობრების დახმარებით აღვადგინეთ), რომ იმას რგოლში ვერ ჩავსვამდი, რადგანაც ყველანაირ მორალსა და ეთიკის ნორმებს სცდება. მათი ავტორები დღეს ძალიან ცნობილი ადამიანები არიან და დღეს მემეგობრებიან. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...

რაც შეეხება "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ ჩემს რეაქციას, ისე ცუდად გავხდი, რომ ოჯახში სასწრაფო გამოიძახეს, 18-19 წლის ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა. მერე და მერე ეს ყველაფერი განელდა, თან, თავდაცვითი მექანიზმები, რეფლექსები გამომიმუშავდა.

- აპატიე ადამიანებს შეურაცხყოფა?

- არა ვარ ბოღმიანი... ხომ ვამბობ, ბევრი მათგანი მემეგობრება და მიყვარს კიდეც, მათ შემოქმედებასა და მიღწევებს ყოველთვის პატივს ვცემდი. საერთოდ, ასე ხდება, -ცხოვრებაში როდესაც რაღაც ახალი ჩნდება, მას საზოგადოება ყოველთვის ძნელად იღებს. ვიმეორებ, ამ ფრაზების სარეკლამო რგოლში გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვებისთვის სტიმულის მიცემას ემსახურება, ერთგვარი ინსპირაციაა - გააგრძელე, იარე, არ შეჩერდე და შენ მაინც მოხვალ! ადამიანს თუ ძალა შესწევს, იმოძრაოს, შექმნას, აკეთოს, ამ უნარს ვერავინ წაართმევს.

ბევრი ახალგაზრდა მეგულება, რომ ამ კრიტიკის გამო თავს დამცირებულად გრძნობს და ვერ ვითარდება, რაც ძალიან მტკივნეულია.

- თავად როგორ ხარ განწყობილი დამწყები მომღერლების მიმართ?

- თუნდაც უნიჭო მედგას წინ და საშინელებას მღეროდეს, მინიმუმ, იუმორში გავუტარო და ისე ვუთხრა ეს, ვერ დავამცირებ, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს...

- როდესაც კონცერტის მონაწილეთა სიიდან შენს გვარს იღებდნენ, ამაზე რა რეაქცია გქონდა?

- ასეთი კონცერტი ბევრი იყო, მაგრამ ჩემ გვერდით კეთილგანწყობილი ადამიანებიც მრავლად იყვნენ, მათი დახმარების გარეშე ვერ გამოვჩნდებოდი ვერსად. თუმცა ორგანიზატორი, რომელიც ჩემ მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი, სიიდან მიღებდა. ერთხელ ჩემი სახელი წითელი ფლომასტერით გადახაზულიც ვნახე, კი, ასეთი რაღაცებიც იყო. მერე ხანდახან გავიფიქრებდი, იქნებ სიმღერას თავი დავანებო, რადგან არ გამომდის -მეთქი...

ასეთი გადაწყვეტილების წინაშე სამჯერ დავდექი და ერთხელაც განერვიულებულ გულზე, ანუ მორიგი შემოტევისას, მთელი, მაშინ უკვე 10 საერთაშორისო კონკურსის დიპლომები და ჯილდოები გადმოვიღე და დავამსხვრიე. ასეთებიც იყო... ამ თემებზე არასდროს მილაპარაკია...

- ესე იგი, რაკი ქართულ სცენაზე წინააღმდეგობები გქონდა, ალტერნატიულ გზას ეძებდი, საერთაშორისო კონკურსებზე დამოუკიდებლად მონაწილეობდი და 14 კონკურსის გამარჯვებული ხარ. აქედან გაქცევას ამ ფორმით ცდილობდი?

- კი. როდესაც არ გიღებენ, ცდილობ, გაიქცე, რომ გადარჩე... როდესაც კარიერას იწყებ, მიზერული შემოსავალი გაქვს და როდესაც ეს გზა შენთვის დაკეტილია, თან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხარ, ხვდები, რომ ალტერნატიული გზა აუცილებლად მოსაძებნია... იმ არაჩვეულებრივ წარმატებებთან ერთად, ფულადი ჯილდოებიც იყო, წლების განმავლობაში საერთაშორისო კონკურსებზე აღებული თანხებით ვცხოვრობდი.

- დღესაც ხომ ეს სფეროა შენი ერთადერთი საარსებო წყარო?

- რა თქმა უნდა. მე სხვა ბიზნესი არ გამაჩნია, მხოლოდ მუსიკით ვცხოვრობ, ეს მთელმა ქვეყანამ იცის. შრომა ნებისმიერ ქვეყანაში ფასდება. არ შეიძლება შრომობდე და არ დაგიფასდეს, გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას -ნაკლები, მაგრამ არ მეგულება ჩემ ირგვლივ ადამიანი, რომელიც შრომობს და არა აქვს შემოსავალი... შრომისუნარიანი უნდა იყო და შედეგს აუცილებლად მიიღებ!

- ხარ თუ არა ძვირად ღირებული მომღერალი?

- რა თქმა უნდა...

- რა ელის მაყურებელს შენს სოლო კონცერტზე?

- ჩემს მსმენელს, რომელიც 30 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ე.წ. კორტებზე მოვა, იმ სტანდარტის შოუს შევთავაზებ, რასაც დღეს მსოფლიო ვარსკვლავები გვთავაზობენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამისთვის არაფერს ვიშურებ, ენერგიას არ ვზოგავ. უკვე ერთი თვით ადრე რეპეტიციებს ტერიტორიაზე გავდივარ. შევასრულებ დაახლოებით 20-22 სიმღერას, მათ შორის, ბევრ დუეტს (განსხვავებულებსაც). მუსიკალურად უამრავი სიახლე იქნება. არაფერს ვამბობ პერფორმანსზე, სადაც მაყურებელი მსუბუქ კულტურულ შოკს მიიღებს.

- რეჟისორიც თვითონ ხარ?

- დიახ, ანრი ჯოხაძეს ანრი ჯოხაძე ყველაზე კარგად იცნობს... მინდა გავაკეთო ის, რისი თქმა და ჩვენებაც ბოლომდე მინდა!

უმეტესად ორიენტირებული იქნება ქართულ რეპერტუარზე. არა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს, უბრალოდ, მინიმუმ, მუსიკალურად ვაჩვენო, რომ ქართულიც ისევე თანამედროვედ ჟღერს, როგორც უცხოური. ამიტომ ჩემი პრიორიტეტი არის ქართული რეპერტუარის პროპაგანდა, იქნება ქავერები, რომელიც მსმენელს უყვარს და მეც მიყვარს, თან შოუსაც სჭირდება...

ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რაც გავაკეთე, გურამ საღარაძესთან ჩაწერილი სიმღერა იყო, რომელსაც სიმფონიურ ორკესტრთან და 55-კაციან კაპელასთან ერთად შევასრულებ, სცენაზე 3D ეფექტით გურამ საღარაძე გამოჩნდება, რომელიც შანდორ პეტეფის ლექსს "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" წაიკითხავს. ასე რომ, ველი ჩემს გულშემატკივარს.

ლალი ფაცია