"საქართველოში რა გეგმებზე უნდა ისაუბრო? მე პირადად, მამაზეციერზე ვარ დამოკიდებული"
"საქართველოში რა გეგმებზე უნდა ისაუბრო? მე პირადად, მამაზეციერზე ვარ დამოკიდებული"
"რამდენჯერაც სიკვდილს გადავურჩებოდი, ვგრძნობდი რომ ზემოდან ვიღაც მეხმარებოდა..."

ქაღალდზე სითბოდ დაღვრილი თოვლი, სულის სინათლემდე გამჭვირვალე სხივები... ფანქრით შემოღობილ ეზოებში შეღწეული იმერული სოფლების ხიბლი... მთვარის სონატებით ცამდე აწეული ფიქრები, "ქალი სივრცეში" და გონებას აყოლილი თვალების სითავხედე, რომელმაც უნდა გაუძლოს ნიჭის ზეიმს...

ქუთაისში დაბადებული მხატვრის, თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრის გურამ დოლენჯაშვილის ნახატები საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა!

ფანქრით შესრულებული 300-მდე ნახატი და ავტორის მოგზაურობის ამსახველი 80 ფოტომასალა დამთვალიერებლებს
წარუშლელ, დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება...

"თოვლის ფანტელებს და სპეტაკ თოვლს შავი ფანქრით ისე უნდა შეუქმნა გარშემო ფონი, რომ ის გაბრწყინდეს"... ასე მარტივად, მხოლოდ "ფანქრის ჯადოქარს" შეუძლია ახსნას, რაც ჩვენთვის დაუჯერებელია.

თბილისში, მხატვრის სახლში 1988 წელს მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა. 32 წლის შემდეგ კი გურამ დოლენჯაშვილმა ნატვრა
აისრულა და სამშობლოში რეტროსპექტული გამოფენით დაბრუნდა.

"გამოფენა უნდა გახსნილიყო 6 აპრილს, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. დრო შემოდგომა ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ახლაც იგივე მდგომარეობაა, ხალხი ვერ ახერხებს მოსვლას. უამრავი გამოფენები მქონია საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემს სამშობლოში გამოფენის მოწყობას ძალიან განვიცდიდი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და სულ სხვაგვარი ემოციით ვიყავი შეპყრობილი. ძალიან მსიამოვნებს ჭკვიან, განათლებულ ადამიანებთან საუბარი. ხშირად მოულოდნელი სტუმრები მეწვევიან ხოლმე, მაგალითად ამას წინათ საპატრიარქოს ჩოხოსანთა ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლები მესტუმრენ და საღამოს ლამაზადაც აღვნიშნეთ. კარგია როცა ბავშვები მოჰყავთ დასათვალიერებლად. ჩემი გამოფენა უფრო შემეცნებითია და ვეცადე დამწყები მხატვრებისათვის მეჩვენებინა როგორი ტანჯვა-წვალების შემდეგ იქმნება ნახატი, ამიტომ წარმოდგენილი მაქვს რამდენიმე ესკიზი, რომლებსაც ორი-სამი თვე ვხატავდი, ორიგინალის დახატვას კი წლებს ვანდომებდი.

- როდის და როგორ მოდის მუზა?

- ჩემი აზრით მუზა ზარმაცების მოგონილია. ნამდვილ ხელოვანს ყოველთვის რაღაც აწუხებს და მისი გონება მუდმივად დაკავებულია. გამიგონია ვაჟა-ფშაველა, როცა ხარებს მიუძღოდა ბევრჯერ ჩამჯდარა ხნულში და დაწყებული პოემა გაუგრძელებიაო.
მე ფერმწერი არ ვარ. ჩემი საქმე გრავიურა და ფანქარია. საზღვარგარეთის მუზეუმებში მხოლოდ ოფორტები ინახება. ფანქარი ერთადერთია, უნიკალური, ამიტომაც მუზეუმისათვის ფანქარს ვერ ვიმეტებ.
ჩემი ნახატები იმდენად რეალისტურია, რომ თითქმის ყველას ახსენდება თავისი სოფელი, ბავშვობა. ბევრი ნახატის წინ ატირებულა კიდეც. ხალხისგან ასეთ შეფასებას ბევრი ვერ დაიკვეხნის და მეც ვცდილობ კიდევ უკეთესი და უკეთესი სოფლის ლამაზი პეიზაჟებით გავახარო ჩემი თაყვანისცემლები.

- დაახლოებით რა დროს ანდომებთ ერთი ნახატის შესრულებას?
- გააჩნია რა ზომის ნახატია და რა მაქვს მიზნად დასახული. იმ შემთხვევაში თუ ჩვეულებრივ პეიზაჟს ვხატავ ერთ კვირაში საგამოფენო ნახატი მზად მაქვს, მაგრამ როცა მინდა შევქმნა სურათი, აქ უკვე სერიოზულადაა საქმე. თუ რთული კომპოზიციის შექმნა გადავწყვიტე, მაშინ ხშირ შემთხვევაში პირველად თვეობით და წლობით ტრიალებს გონებაში ეს ნახატი და ელოდება თავის დროს. ასე მაგალითად: გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა მეტროპოლიტენის მუზეუმის 100 ფერწერული ტილო, რომელიც პუშკინის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. როცა გამოფენაზე შევედი იმდენად დამატყვევა ელ გრეკოს "ტოლედოს ხედმა", რომ არ მახსოვს ვის და რა ჰქონდა დახატული დანარჩენ 99-ს.

მხოლოდ 15 წლის შემდეგ გამინათდა გონება და გადავწყვიტე "ტოლედოს ხედის" მიხედვით შემექმნა ჩემი მშობლიური ქალაქის ქუთაისის ხედი. ამოცანა ურთულესი იყო: უნდა ყოფილიყო ელ გრეკო და ამავე დროს ჩემი ქუთაისიც.
მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდი 16-18 საათს და მართლაც შეიქმნა ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი "ქუთაისის ხედი". რაც შეეხება "მოწამეთას მონასტერს" მასზედაც ვფიქრობდი ბავშვობიდან, შემექმნა რაღაც დიდი, ზღაპრული და მხოლოდ ამ სიბერის ჟამს ოცნება ავისრულე: ოთხი წელი მოვანდომე მოწამეთას მონასტრის ზღაპრული სამყაროს შექმნას.

ნახატზე ხანგრძლივად მუშაობას სჭირდება აკადემიური ცოდნა, რომელიც მიიღწევა თავდაუზოგავი შრომის შედეგად. გამიმართლა იმ მხრივ რომ აკადემიაში ჩემ დროს იყვნენ ლეგენდარული პედაგოგები: აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე, ვასილ შუხაევი, ლადო გრიგოლია... სამწუხაროდ ახლა აკადემიური ხატვის სწავლება ჩამკვდარია, ანდა ვინ უნდა ასწავლოს, როცა ახლანდელი პედაგოგი ორ ხაზს ვერ გაავლებს ნორმალურად. მოიგონეს რაღაც უბედურება, რომელსაც ინსტალაცია ჰქვია და იოლად გადიან ფონს...
- აქვე გკითხავთ, ხომ არ ყოფილა შემოთავაზება, რომ სამხატვრო აკადემიაში წაგეკითხათ ლექციები?
- ღმერთმა დამიფაროს. ერთი სული მქონდა რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა აკადემია და დამეწყო შემოქმედებითი საქმიანობა, მოგზაურობა.

- თქვენი შემოქმედებიდან გამოარჩევთ თუ არა რომელიმე ნახატს და გიყვართ თუ არა განსაკუთრებულად?
- სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე შემიძლია ამ კითხვაზე სხვაგვარად გიპასუხოთ: როგორც ადამიანს, ისე ნახატს თავისი ბედი დაყვება. არის ნამუშევრები რომლებიც არ გიყვარს, მაგრამ წლების განმავლობაში სულ თვალებში გეჩხირება, ვერც აგდებ.
ხდება ხოლმე პირიქით, საუკეთესო ნამუშევარი მოულოდნელად იკარგება. მაგალითისათვის გეტყვით ერთ ფაქტს: 1974 წელს მხატვრების ჯგუფთან ერთად ვიმოგზაურე მდინარე ვოლგაზე. საანგარიშო გამოფენაზე არხანგელსკში ვალდებული ვიყავით გამოგვეფინა 5 ნამუშევარი. მეც წარვადგინე ნახატები ისე როგორც სხვამ, მათ შორის იყო დიდი ფორმატის ზღაპრული კომპოზიცია "ბალტიის გზაზე" გუაშით შესრულებული. იმდენად დიდი ინტერესი და შოკი გამოიწვია ამ ნამუშევარმა, რომ ადგილობრივი მხატვრები მეუბნებოდნენ, ნუ დატოვებ აქ, არ დაგიბრუნდებაო. არ დავუჯერე მათ. მართლაც ბოლოს ქუთაისში გამომიგზავნეს მხოლოდ ოთხი აკვარელი. ის ნახატი, რომელიც მეც არ მინახავს წესიერად მომპარეს მხატვრებმა... სამწუხაროთ დავკარგე, არ დამრჩა ფოტოც კი.

მეორე მაგალითი: მოსკოვის სახელოსნოს სახურავზე ავარია მოხდა და კედლებზე და სხვენზე წყალი ჩამოვიდა. წყალდიდობაში მოყვა ახალი ნახატი"ზამთარი იმერეთში". ორი თვის ნამუშევარი მართლაც რომ წყალში გადაიყარა. გაშრა თუ არა, დაიკუჭა და ფანქარმა ცისფერი ფერი მიიღო. გულდაწყვეტილმა მეგობრებს ვანახე. მათ პრესში გაატარეს, მეც დაზიანებული ნაწილი შევასწორე, ჩარჩოში ჩავსვი და გამოვიტანე გამოფენაზე. მოვიდა მდიდარი ცოლ-ქმარი და იმ უამრავ ნახატებში მაინც და მაინც იმ თითქმის გაფუჭებულ, გადაგდებულ ნახატს დაადო ხელი. გადაიხადეს ძალიან დიდი ფული, რეკორდიც კი მოხსნეს. შემდეგ მიმიწვიეს სახლში და ვნახე ჩვენი "იმერული ზამთარი" საპატიო ადგილზე, სპეციალური განათებით. სწორედ მაშინ დავფიქრდი ნახატების ბედზე, აღვიქვი ის ისე, როგორც ცოცხალი არსება, ჭირგამოვლილი...

- როგორც აღნიშნავთ, თქვენი შემოქმედება ეძღნება დედას და მეუღლეს. ვინ არის თქვენი ნახატების პირველი შემფასებელი, სანამ ნამუშევარი ფართო აუდიტორიისთვის გახდება ცნობილი?

- თუ საქართველოში ვარ, შემფასებელს ვერ ვგრძნობ. ოჯახის წევრები წლობით ერთი და იგივე ნახატს უყურებენ და ვერ ამჩნევენ ახალ ნახატს, თვალი აქვთ შეჩვეული. საზღვარგარეთ დამთვალიერებელია შემფასებელი...

- ფაქტობრივად, თქვენი შემოქმედების დიდი ნაწილი გაატარეთ ემიგრაციაში... როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- მე 20-30 წლით არ დავკარგულვარ, ყოველწლიურად ჩამოვდიოდი ჩემს ქვეყანაში. ოჯახის, შვილების და მეგობრების გარეშე, ძნელია გაძლება.
საქართველოში რა გეგმებზე უნდა ისაუბრო? მე პირადად მამაზეციერზე ვარ დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დროს, უძრაობის პერიოდს რომ ეძახდნენ, მაშინ სახელმწიფოში ნამდვილად იდებოდა უზარმაზარი ფული ხალხთა მეგობრობაში, გამოფენების მოწყობაში და ბევრ კიდევ სასიკეთო საქმეში. მე პირადად უფასოდ მოვიარე მურმანსკიდან ალიასკამდე ბევრი მდინარე, ზღვა და ოკეანე.
ჩვენი კულტურის ყოფილ მინისტრს არც შერცხვა ისე წაიღო ბიუჯეტიდან თავისი ფირმისთვის 30 მილიონი. შემდეგ კი კულტურის სამინისტრო სულ გააუქმეს. უპატრონოდ ვართ დარჩენილები შემოქმედი ხალხი. ამიტომ ყველას ვურჩევ, სახელმწიფოს იმედი ნუ გექნებათ, ისევ თქვენივე ძალებით მიხედეთ თქვენს თავს, ისე როგორც მე. ასეთ დიდ გამოფენის ორგანიზაციას უდიდესი ძალისხმევა და თანხა სჭირდება.

საზღვარგარეთ დროებით ჩემი წასვლა იძულებითი იყო. სამოქალაქო ომის შემდეგ ქუთაისში ათი წელი ელექტროენერგია არ ყოფილა. ლამპისა და სანთლის შუქზე ვერ ვხატავდი. ვცხოვრობდი შემოქმედებით სახლ "ჩელიუსკინში". მიმიღია მონაწილეობა უამრავ სხვადასხვა გამოფენებში. ღმერთმა ყველა ქართველს ისე გამოეყენებინოს საზღვარგარეთი, როგორც მე. სიტყვა "გამოყენება" ცუდად ჟღერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე გამოდის: ვიჯექი იქ და ვხატავდი იმერეთს. პერიოდულად ჩამოვდიოდი, დავეხეტებოდი იმერეთში სოფელ-სოფელ, მოვაგროვებდი სამუშაო მასალას და ასე იზრდებოდა ჩემს შემოქმედებაში "ზამთარი იმერეთში".


- "იმერული პეიზაჟების" ხატვით დაკვებული ხელოვანი თუ ჩადიხართ იმერეთში?

- ქუთაისთან ახლოს სოფელი ნაგარევი ჩემი მეუღლის სოფელია. ორი წლის წინათ მე და თეონამ გამოვუშვით წიგნი "დაკარგული სამოთხე". ორ ენოვანია და მაღალპროფესიულ დონეზე დაიბეჭდა.
პირველი წიგნი "GURAM" მოსკოვში გამოვეცი. სასაჩუქრე ვარიანტია, ტყავში ჩასმული, 16 პერგამენტით. ამ წიგნით ორჯერ გავხდი პირველი პრემიის ლაურეატი 2006-2007 წლებში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
სულ ახლახანს გამოვეცი დიდი მონოგრაფია: "ცხოვრების გზაზე, მთვარის ბილიკით"... აქ აღწერილი მაქვს ჩემი ცხოვრება დაბადებიდან დღემდე.

- თუ მოუნდოებია ვინმე გავლენიან პირს თქვენი ნახატის შეძენა?
- საქართველოში ნახატები ჯერ არ გამიყიდია. დაინტერესება და ფინანსური შესაძლებლობა უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. საზღვარგარეთის გავლენიან პირებს კარგად ვიცნობ, საქართთველოში კი არავის. საბედნიეროდ, არც ისინი მიცნობენ...

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნიჭის გარდა, რისი მადლობელი ხართ?

- ყველანაირ ნიჭს განვითარება სჭირდება. ვფიქრობ შემოქმედისათვის აუცილებელია ჭკუა, რომ თავისი ნიჭი მიმართოს სწორი მიმართულებით. აუცილებელია კიდევ ჯანსაღი ცხოვრების წესი და იღბალი. ეს მე ბევრჯერ გამოვცადე ჩემი სახიფათო მოგზაურობის დროს, როცა ჩუკოტკაში ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობდი. ვნადირობდი ვეშაპებზე და ზღვის ლომებზე. რამდენჯერაც სიკვდილს გადავურჩებოდი, ვგრძნობდი რომ ზემოდან ვიღაც მეხმარებოდა...

(სპეციალურად საიტისთვის)

მადონა ჭუმბურიძე
07 ოქტომბერი 2020 21:28
საოცრად ნიჭიერი ბრძანდებით ბატონო გურამ, როგორ ვწუხვართ რომ ვერ ვესწრებით თქვენს გამოფენას, ვიმედოვნებთ შემდეგში მაინც მოვახერხებთ თქვენი საოცარი ნახატების ხილვას. ძალიან ძვირფასი პიროვნება ბრძანდებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები