პირველი პრესკონფერენცია - კვირის პალიტრა

პირველი პრესკონფერენცია

თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიიღო. ბიზნესმენის თქმით, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვეული მანერით დაიწყო, შეუწყვიტა მოქალაქეობა და დაიწყო ზეწოლა როგორც "ქართუ ბანკზე", ისე მის თანამშრომლებზე, თანამოაზრეებსა და ნათესავებზე. "ამ უწესო თამაშით ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს გეგმას და ვერ გამოგვიყვანენ სამართლებრივი სივრციდან. ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და არჩევნებში გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ სააკაშვილს არჩევნებში საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას. მისივე თქმით, არჩევნებში ივანიშვილის გუნდის  გამარჯვების შემდეგ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. პრესკონფერენციაზევე ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის დიდი აგრესია ქართული მხარის ქმედებებმა გამოიწვია. მისივე თქმით, რუსეთთან აუცილებელია ურთიერთობების აღდგენა და პარალელურად, კავშირების გამყარება აშშ-თან და ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატოს, ბიზნესმენის თქმით, სააკაშვილმა ალიანსში გაწევრების პერსპექტივა ძალიან შორს გადასწია. ასევე, ივანიშვილის თქმით, 1996 წელს ის გენერალ ალექსანდრ ლებედის კი არა, ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, რათა კომუნისტები ხელისუფლებაში არ მოსულიყვნენ. პრესკონფერენციის მიმართ დიდი ინტერესი იყო, თუმცა უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები საკონფერენციო დარბაზში და ქართველი ჟურნალისტების ნაწილის შემხედვარე ერთმა უცხოელმა კორესპონდენტმა თქვა, - ასეთი რამ აფრიკაშიც არ მინახავსო(!).