რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

158-ე დღე შემოწმების დაწყებიდან - ...და 56-ე მისი შეჩერებიდან...

მაკონტროლებლებმა დოკუმენტები ავსტრიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი გამოითხოვეს...

მეექვსე თვეა მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში ფინანსური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შემდეგ, მაკონტროლებლებმა ფინანსური დოკუმენტაციის გაძლიერებული რევიზია ჩაატარეს.

შემოწმებაში 27 რევიზორი მონაწილეობდა, გარდა ამისა, ჩართული იყვნენ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები. მოეწყო მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვა-დაკითხვები. "პალიტრა მედიის" პარტნიორი ორგანიზაციებიდან საქართველოში, ასევე უცხოელი მომწოდებლებისგან - ავსტრიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი გამოითხოვეს დოკუმენტაცია ჩვენს ანალოგიურ დოკუმენტებთან შესადარებლად.

მაკონტროლებლებმა ფინანსური რევიზიის ვადები არაერთგზის გაიხანგრძლივეს, თუმცა შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში შემოწმების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეეჩერებინათ. "გაყინული" შემოწმების განმავლობაში, შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" ორ ორგანიზაციაში საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტები წარმოადგინა.

შემოწმების პროექტის თანახმად შპს "ჯ.ე.პ."-ს 9.113 ლარის გადახდა ეკისრებოდა, რაც "მედიაპალიტრის" ფინანსურმა სამსახურმა პროექტის განხილვის პროცესშივე გაასაჩივრა, რის შემდეგაც დარიცხული თანხა დაახლოებით 2.500 ლარით შემცირდა.

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით 10.108 ლარის გადახდა დაეკისრა მეორე შპს-ს - "პოლიგრაფიულ მასალებს". "მედიაპალიტრის" ფინანსურმა სამსახურმა აქაც არასამართლიანად მიიჩნია დარიცხული თანხა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საჩივრით მიმართა.

დანარჩენი ოთხი ორგანიზაციის: წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის", პრესის გავრცელების სააგენტო "ელვას", სტამბა "კოლორისა" და წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"-ის შემოწმების აქტის პროექტები შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.