"ისე ახლოს, როგორც არასდროს" - კვირის პალიტრა

"ისე ახლოს, როგორც არასდროს"

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2012-2013 წლების არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გამოცდა იქნება. სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კი რასმუსენმა ქართველ სტუდენტებს მოუწოდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთივე შემართება გამოიჩინონ, როგორიც  მათმა თანატოლებმა  წლის წინ, "ვარდების რევოლუციისას".

ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდგომ ალიანსის გენმდივანმა თქვა, რომ აუცილებელია არსებობდეს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომლითაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნებში თანასწორი მონაწილეობის საშუალება მიეცემა.  გარდა ამისა, საჭიროა რეფორმები სიტყვის, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებისთვის.  რასმუსენის აზრით, საქართველოში რეფორმების საქმეში პროგრესია, თუმცა ნატოში გაწევრება "კონკრეტული რეფორმების გატარებას მოითხოვს".  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა კვლავ ვერ დააზუსტა, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი და დასძინა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრება ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. რასმუსენთან შეხვედრის შემდგომ კი საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა განაცხადეს, ამ ვიზიტმა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს ყოფილაო.