რა ელის თავისუფალ პრესას? - კვირის პალიტრა

რა ელის თავისუფალ პრესას?

თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით დედაქალაქში 1000 ჯიხურის განთავსებაზე ინტერნეტაუქციონი გამოაცხადა.არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ხშირ შემთხვევაში მერიამ სწორედ იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. ბეჭდვითი გამოცემების ხელმძღვანელების აზრით, პრესის გავრცელებას საფრთხე ემუქრება და ეს არც პრესისთვის, არც ხელისუფლებისა და არც საზოგადოებისთვის კარგი არ იქნება.  პრესის გამავრცელებელი კომპანიები პრესის სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით თანაბარი კონკურენციის პირობებში არ უნდა იყვნენ გაცილებით მაღალრენტაბელურ ბიზნესში ჩართულ პირებთან. საპასუხოდ, მერიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი გამონაკლისი, რომ ამა თუ იმ პირს ჯიხურების ჩადგმის უფლება აუქციონის გარეშე მისცენ, გამოიწვევს აუქციონში მონაწილე და გამარჯვებული პირების უფლებების დარღვევას. რაც შეეხება იმას, რომ პრესა სხვა ბიზნესს კონკურენციას ვერ გაუწევს, მერია აცხადებს, რომ პრესის ჯიხურებში აქამდეც იყიდებოდა გამაგრილებელი სასმელები და თამბაქო. მერიის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმაც გააპროტესტეს (ვრცლად იხ. გვ. 5,13).