მოსკოვში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო - კვირის პალიტრა

მოსკოვში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო

"მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის", - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ მოსკოვიდან დაბრუნების შემდგომ.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, ვიზიტისას ისაუბრეს დევნილების საკითხზე."გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედია, ისინი თავიანთ საცხოვრებელს დაუბრუნდებიან", - აღნიშნა პატრიარქმა.

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ მეფეების - ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ასტრახანიდან საქართველოში გადმოსვენების საკითხიც დასვა.

"ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტს, პატრიარქ კირილს, რომ მათი გადმოსვენების ნება დაგვრთონ. უკვე გადავეცით საბუთები და ეს საკითხი”შესწავლის პროცესშია", - ბრძანა  პატრიარქმა.

პატრიარქი მოსკოვში პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილეზე მიიწვიეს. მოსკოვში მყოფ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდა. გიორგობის დღესასწაულზე კი ილია  II-მ წირვა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.