რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

179-ე დღე შემოწმების დაწყებიდან - ...და 77-ე მისი შეჩერებიდან

"მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსური შემოწმება ჯერაც არ დასრულებულა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შემდეგ, მაკონტროლებლებმა ფინანსური დოკუმენტაციის გაძლიერებული რევიზია ჩაატარეს. შემოწმების პროცესში ჩართული იყო შემოსავლების სამსახურის 27 რევიზორი და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებიც დაიხმარეს.

მაკონტროლებლებმა ფინანსური რევიზიის ვადები რამდენჯერმე გაიხანგრძლივეს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შემოწმების პროცესი დაესრულებინათ და შესაბამისი დასკვნებიც წარმოედგინათ, მოულოდნელად შემოწმება შეაჩერეს. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მაკონტროლებლებისთვის "მედიაპალიტრის" ორგანიზაციების დოკუმენტაციის შემოწმების პროცესი დაწესებულების შენობის მიღმა გაეგრძელებინათ. "პალიტრა მედიის" პარტნიორი ორგანიზაციებიდან საქართველოში, ასევე უცხოელი მომწოდებლებისგან - ავსტრიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდანაც  კი მაკონტროლებლებმა გამოითხოვეს დოკუმენტაცია ჩვენს ანალოგიურ დოკუმენტებთან შესადარებლად.

რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, წიგნების მაღაზიების ქსელ "ბიბლუსის", სტამბა "კოლორისა" და სააგენტო "ელვას" დირექტორები დაიბარეს. მაკონტროლებლებმა რევიზიის შეჩერების და დასკვნების დაგვიანების მიზეზად "მედიაპალიტრის" ორგანიზაციების ტვირთების მოძრაობის შესახებ უცხოეთის საბაჟოებიდან და სხვადასხვა მომწოდებლებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია დაასახელეს, რომლის მიღებასაც, მათი თქმით, გარკვეული დრო სჭირდება.

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა "მედიაპალიტრის" ოთხ ორგანიზაციას ჯერ მხოლოდ შუალედური აქტები დაუწეროს და თუ მომავალში, რაიმე ინფორმაცია ამის საბაბს მისცემთ, ნებისმიერ დროს მოახდინონ აქტში შესწორებების შეტანა. შუალედურის ნაცვლად, საბოლოო აქტი რომ დაეწერათ, უკვე შემოწმებული პერიოდის ხელახლა შესამოწმებლად სასამართლოს ნებართვა დასჭირდებოდათ. შუალედური აქტი კი მაკონტროლებლებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი გარემოებების მომიზეზებით, უკვე შემოწმებული პერიოდი თავიდან გადაამოწმონ(!).