"მე ვკითხულობ გაზეთებს" - კვირის პალიტრა

"მე ვკითხულობ გაზეთებს"

თბილისის მერიასთან აქცია - "მე ვკითხულობ გაზეთებს" - გაიმართა". აქციის ორგანიზატორი გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე იყო. აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებისა და პრესის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ გაზეთების მკითხველები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს ხელში სიმბოლურად გაზეთები ეკავათ. მათ მერიის პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში გამოცხადებული აუქციონი გააპროტესტეს, რადგან აუქციონი უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. ელისო ჩაფიძემ ბიზნესმენებს მოუწოდა, ამ ადგილებზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღონ. "თუ მაინც მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ჩავატარებთ გამოძიებას იმის დასადგენად, ხომ არ არიან ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები", - განაცხადა ჩაფიძემ. ასევე, პრესის ასოციაცია და კოალიცია“"მედიის ადვოკატირებისთვის" პრესის გავრცელების ჯიხურებზე სპეციალიზებული აუქციონის გამართვას და სპეციალური ადგილების გამოყოფას ითხოვს, სადაც მხოლოდ ბეჭდური მედია გაიყიდება. ისინი სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებენ, თუმცა, მერია პრესის ჯიხურების აღებას განაგრძობს (ვრცლად იხ. გვ. 6-7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).