არეულობა "მაესტროში" - კვირის პალიტრა

არეულობა "მაესტროში"

30 ნოემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი "რუსთავის მედიის - მართვის კომპანიის" ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეარხის ოფისში ორიგინალური ხერხით შევიდა - ღობეზე გადაძვრა.მასთან ერთად "მაესტროში" კიწმარიშვილის თანმხლები პირებიც შევიდნენ. ალპინისტური მეთოდის გამოყენების მიზეზად კიწმარიშვილმა ის დაასახელა, რომ  ოფისში არ უშვებდნენ. ოფისში მისი შეღწევის შემდეგ კი ტელეკომპანიის დამფუძნებლები და ჟურნალისტები ვერ ახერხებდნენ "მაესტროში" შესვლას, რასაც არხის პარალიზება მოჰყვა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა თანამშრომელთა ნაწილთან ერთად ტელეკომპანიაში შესვლა შეძლო. კიწმარიშვილმა გენერალური პროდიუსერის თანამდებობიდან გაათავისუფლა მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორობიდან კი ილია კიკაბიძე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა, დამფუძნებლებმა "რუსთავის მედიასთან" კონტრაქტი გაწყვიტეს. თუმცა კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2012 წლის 30 ნოემბრამდე წასვლას არსად აპირებს. მდგომარეობა, როდესაც "მაესტროს" ერთ ნაწილს კიწმარიშვილი, მეორეს კი ღლონტი აკონტროლებდა, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მხარეების მორიგება ვერც კოლეგების მიმართვებმა და კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჩარევამ შეძლო, რომელმაც მედიატორობა იკისრა. შემდეგ ღლონტმა თანამშრომლებთან ერთად "მაესტროს" შენობა დატოვა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რადიო "უცნობის" სტუდიიდან დაიწყო. კიწმარიშვილმა კი პრესკონფერენცია მოაწყო და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აწარმოებდა და ბიზნესმენის "გლობალ თV"-ის მეშვეობით "მაესტრო" უკანონოდ მაუწყებლობს. მისივე თქმით,  ტელეკომპანიისთვის მოზიდული 4,5 მლნ აშშ დოლარიდან თანხის ნაწილი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს,  ინა გუდავაძეს ეკუთვნოდა. ასევე, მან "მაესტროს" 100-პროცენტიანი წილის დაყადაღება მოითხოვა. ხუხაშვილმა და ღლონტმა კიწმარიშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდეს. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი განაცხადა, რომ "მაესტრო" კანონიერად მაუწყებლობს. მოგვიანებით, მამუკა ღლონტმა გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ მის წინააღმდეგ უარყოფითი განწყობა შექმნეს, რამაც შესაძლოა, ტელეკომპანიას ჩრდილი მიაყენოს (ვრცლად იხ. გვ. 6-7).