ლავროვი საქართველოს საკითხმა აღაშფოთა - კვირის პალიტრა

ლავროვი საქართველოს საკითხმა აღაშფოთა

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გააფრთხილა დასავლელი კოლეგები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მსგავსი პროცესების წაქეზებას.  ლავროვი ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ კომუნიკეში საქართველოს დაფიქსირებამ აღაშფოთა. "მე დაუფარავად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ისევ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს, გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი ავანტიურა. რადგან მაშინ ეს მოხდა მალევე, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც უაპელაციოდ ჩაიწერა, რომ საქართველო იქნება ნატოში. მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკას თუ გავითვალისწინებთ, ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ უგუნური, გიჟური გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა ლავროვმა.