"გაზეთების გავრცელების შეფერხებაზე საუბარი სპეკულაციაა" - კვირის პალიტრა

"გაზეთების გავრცელების შეფერხებაზე საუბარი სპეკულაციაა"

"კვირის პალიტრაში" ორი კვირის წინ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ინტერვიუ დაიბეჭდა. დეპუტატი გვარწმუნებდა, რომ თუ თავისუფალ მედიასა და პრესას საფრთხე დაემუქრებოდა, პირველი ის დაგვიდგებოდა გვერდით.რადგან ეს რეალური საფრთხე დადგა, ისევ ნუგზარ წიკლაურს მივმართეთ და დანაპირები შევახსენეთ.

-  ზოგიერთი ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს. გამოცხადებული იყო აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. იმ აუქციონში რამდენიმე ფირმამ გაიმარჯვა, თუმცა, ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და კიდევ ახალი ფირმები გამოვლინდებიან.

"მაცნეს" ჯიხურები აღებულია, მაგრამ არავინ შეხებია სტელაჟებს. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ვინმემ გაზეთების გავრცელება შეაფერხა, სპეკულაციაა.

გავიგე, რომ "მაცნეს" ჯიხურებში ვერ შევიდა "რეზონანსის" 400 ეგზემპლარი, რაც დარწმუნებული ვარ, სხვაგან გადანაწილდებოდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არავინ აპირებს პრესის თავისუფლების შეზღუდვას.

- გავარკვიეთ, რომ კომპანიები, რომლებმაც ტენდერები მოიგეს, არ აპირებენ იქ პრესის შეტანას.

- არც ერთი ოფიციალური განცხადება არ მინახავს (არც ვიცი, ვინ გაიმარჯვა), რომ ისინი შეზღუდავენ პრესის გაყიდვას თავიანთ ჯიხურებში. ერთი ამბავი ატყდა, აი, "კვირის პალიტრა" აღარ გამოვაო და ასე შემდეგ. მაშინ როცა საგადასახადო შემოვიდა "კვირის პალიტრაში", ლამის არმაგედონი დახატეს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. გარწმუნებთ, რომ თავისუფალ მედიას საფრთხე არ ემუქრება, რადგან თავისუფალი სიტყვა და აზრი არის იმ სახელმწიფოს საძირკველი, რომელსაც ვაშენებთ.