რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

როგორც იქნა?!

როგორც იქნა, შემოწმების დაწყებიდან 190-ე და მისი შეჩერებიდან 89-ე დღეს, შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" ექვსივე შემოწმებულ ორგანიზაციაში საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტები წარმოადგინა. ამ აქტების თანახმად შპს "პოლიგრაფიულ მასალებს" ბიუჯეტის სასარგებლოდ 4.400 ლარის, შპს "ჯ.ე.პ."-ს 10.716 ლარის, პრესის გავრცელების სამსახურ "ელვასერვისს" - 8.357 ლარის, წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" 36.053 ლარის გადახდა დაეკისრა (საიდანაც კომპანიას ზედმეტობის სახით 27.000 უკვე გადახდილი აქვს), სტამბა "კოლორს" 13.677 ლარის გადახდა და წიგნის გამომცემლობა "პალიტრა L"-ს 8.867 ლარის გადახდა.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნებს მას შემდეგ წარმოადგენენ, რაც "მედიაპალიტრის" ორგანიზაციების ტვირთების მოძრაობის შესახებ უცხოეთის საბაჟოებიდან და სხვადასხვა მომწოდებლისგან გამოთხოვილ ინფორმაციას მიიღებენ და არსებულ მონაცემებთან მათი შედარება მოხდება.

ნუგზარ ლეკიაშვილი ("მედიაპალიტრის" ფინანსური მენეჯერი): "დარიცხვები ძირითადად განპირობებულია საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებისას დაშვებული მექანიკური შეცდომებით. როდესაც კომპანიებს დიდი და მრავალფეროვანი ბრუნვები აქვთ, ელემენტარული შეცდომების დაშვება მონაცემების აღრიცხვისას ბუნებრივი პროცესია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლების სამსახურმა ობიექტურად შეაფასა შემოწმებული ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა შუალედური დასკვნების იმ ნაწილში, რაშიც შეუსაბამობები აღმოვაჩინეთ და არ დავეთანხმეთ, გავასაჩივრეთ და ნაწილი დააკმაყოფილეს კიდეც. ახლა ელოდებიან უცხოეთიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შუალედური აქტების მცირე კორექტირება მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ უცხოეთიდან გამოთხოვილი ინფორმაციის არსებულთან შედარება ასევე ობიექტურად მოხდება."

ვრცელ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ფინანსური შემოწმება "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში გასული 6 თვის განმავლობაში, "კვირის პალიტრის" შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.