სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია - კვირის პალიტრა

სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ სექტორის გამჭვირვალობას ხელს უშლის კომპანიების ოფიციალური მფლობელების საეჭვოდ ხშირი ცვლა და ცრუ მფლობელის პრაქტიკის ხშირი გამოყენება. ანგარიშში ნათქვამია, რომ სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი "ჯენერალ მედია" ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე ფაქტო მონოპოლიას ფლობს, ხოლო თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში დომინანტის პოზიცია outdor.ge-ს უკავია. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ კერძო სექტორში თვითცენზურის გარემოა შექმნილი და რეკლამის დამკვეთებს ხშირ შემთხვევაში, მათი ბიზნესისთვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით, არ სურთ ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი. გარდა ამისა, როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, საქართველოს მთავრობა საგაზეთო ჯიხურების ქსელის აქციების 70%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც ასევე გარე რეკლამის განთავსებისთვის გამოიყენება. "ახლა ამ ქსელს "საქართველოს ფოსტა" განაგებს, მთავრობის მიერ კონტროლირებადი კომპანიები რეკლამის განთავსების მეშვეობით მიზნობრივ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.