კვირიდან კვირამდე
კვირიდან კვირამდე
"საქართველოს იმედი" სამებაში დააბრძანეს

ხატი "საქართველოს იმედი" ლოცვითი მსვლელობით საპატრიარქოდან გამოაბრძანეს და სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. სამებაში ხატი უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა. "საქართველოს იმედის" შექმნის ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა. კარედზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა "საქართველოს დიდება". არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, აქვეა დაჩოქილი წმინდა სიდონია
კვართით და უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. "საქართველოს იმედის" შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი  პატრიარქს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შეხვდნენ. ბიზნესმენის
პრესსამდივნოს ცნობით, ილია II დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის დეტალებით და სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. "უწმინდესმა  ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: "ცხოვრება სირთულეებისგან შედგება და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს", - აღნიშნულია პრესსამდივნოს განცხადებაში.
პრესსამდივნოს ინფორმაციით, ილია II ხელისუფლებისგან შექმნილი სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა. საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" სათავო ოფისის გახსნასაც. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება. შეხვედრის ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს ხატი "საქართველოს იმედი" აჩვენა.

ოთხეულის ფინანსები

მთავარმა პროკურატურამ "თავისუფალი დემოკრატების" წევრ გიორგი ცაგარეიშვილს სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიების დაფინანსების თაობაზე მონაცემები მიაწოდა, რომელიც, თავის მხრივ, დეპუტატმა ჟურნალისტებს გააცნო. ცაგარეიშვილმა კითხვით პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც "დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა გია თორთლაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულით ფინანსდებიან. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ხალხის პარტიამ" ნოემბერ-დეკემბერში ჯამში 900 ათასი ლარი მიიღო შემდეგი კომპანიებისგან: "ბანკი "ქართუ", "ფინსერვის-21", "ფინსერვისი", "ელიტა ბურჯი"," "ქართუ ჯგუფი", "ქართუ მენეჯმენტი", "ინტერკონსალტინგი პლუსი"; "კალა კაპიტალი", "კოლხეთი".
"კონსერვატიული პარტიის" დაფინანსებამ 1 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა. პარტიას ფული "კომპლექსსერვისმა", "ქართუ ბანკმა", "ქართუ ჯგუფმა", "ფინსერვისმა", "ინტერკონსალტინგ პლუსმა", "ქართუ მენეჯმენტმა", "ელიტა ბურჯმა", "ფინსერვის-21"-მა, "კოლხეთმა" და "კალა კაპიტალმა" გადაურიცხეს.
კომპანიებმა: "ბანკი "ქართუ"  "ბურჯი" "კომპლექსერვისი", "ქართუ ჯგუფი", "ფინსერვისი", "ინტერკონსალტინგი პლუსი", "ელიტა ბურჯი"
", "ქართუ მენეჯმენტი", "ქართული ჰოლდინგი", "კალა კაპიტალი" და "კოლხეთი" - "რესპუბლიკური პარტია" 100-100 ათასი ლარით დააფინანსეს, რამაც ასევე 1 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.
"თავისუფალმა დემოკრატებმა" კი 900 ათასი ლარი მიიღეს ბანკ "ქართუსგან", "ქართუ ჯგუფისგან", "ფინსერვისისგან", "ინტერკონსალტინგ პლუსისგან", "ელიტა ბურჯისგან", "ქართული მენეჯმენტისგან", "ქართული ჰოლდინგისგან", "კალა კაპიტალისა" და "კოლხეთისგან".

"პალიტრამედია" წლის ლიდერი ბრენდი გახდა

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული ბრენდის დღე 2011"-ის გამარჯვებულები გამოავლინა, რომელზეც ლიდერ კომპანიათა შორის "პალიტრამედიაც" დასახელდა. "პროფილის" ხელმძღვანელის, მანანა გეგიძის თქმით, ისევე, როგორც წინა წლებში, ჯილდოებს მხოლოდ რჩეულები იღებენ, მათ შორის "პალიტრამედია" ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელსაც ქართულ მედიასივრცეში ღირსეულ პოზიციას იკავებს.

აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მედიის წარმომადგენლებმა პრესის გავრცელების ჯიხურების აღება და "მაესტროშ" განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. "ჩვენ მოვედით რეზიდენციასთან, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა: "პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას"! ჯიხურების აღება გაზეთებსა და მათ ტირაჟებს უკვე დაეტყო. გარდა იმისა, რომ პრესის ჯიხურების აღების ამ გადაწყვეტილებით გააკოტრეს გამავრცელებელი კომპანიები, პრესას დიდი პრობლემები შეუქმნეს", - აღნიშნა პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.
აქციის მონაწილეებმა თეთრი და წითელი ამკრძალავი ლენტი შემოიხვიეს. როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, ლენტს ახვევენ ყველაფერს, რაც არ მუშაობს და სადაც შესვლა საშიშია. მისივე თქმით, "მაესტრო" დღეს ვერ მუშაობს და მის კუთვნილ შენობაში შესვლა საშიშია ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის.
"ჩვენ ვხედავთ, რამხელა შენობაშია მოკალათებული პრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ, როდესაც ჩვენი მედიასაშუალება სამ ოთახშია გამოკეტილი იმის გამო, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა ძალით შემოჭრილი ეროსი კიწმარიშვილი იქიდან გამოიყვანოს", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

რთული სამუშაო წინ არის

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ჯონ ბასის საშობაო ვიდეომიმართვა, რომელშიც ელჩმა ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე, ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილსა და ქართველთა მიღწევებზე ისაუბრა. "ქართველებს შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ოცი წლის განმავლობაში მიაღწიეთ. თქვენ თავი დააღწიეთ კომუნიზმს და დაადექით დემოკრატიის გზას, შეებრძოლეთ კორუფციას და საფუძველი ჩაუყარეთ თავისუფალ, სამართლიან საზოგადოებას, მაგრამ ამერიკელთა გამოცდილებით ვიცით, რთული სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ამერიკელი ხალხი 200 წელია, ცდილობს, სრულყოს დემოკრატია", - აღნიშნა დიპლომატმა.

ერდოღანმა საფრანგეთი დაადანაშაულა


საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ოსმალური იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის უარყოფისთვის პასუხისმგებლობას თურქეთს აკისრებს. საპასუხოდ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა 1945 წელს ალჟირის მოსახლეობის 15% გაჟლიტა. "ეს გენოციდია", - აღნიშნა ერდოღანმა. მანამდე ანკარამ საფრანგეთიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიწვია და პარიზთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები