"ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას!" - კვირის პალიტრა

"ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას!"

სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" წინ პრესის გავრცელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. "ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას", - ასეთი იყო სლოგანი ღონისძიებისა, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, იურისტები, პოლიტიკოსები და მედიაექსპერტები მონაწილეობდნენ.

აქცია ორიგინალური გამოდგა, რადგან მონაწილეებს ანთებული ფარნები და პლაკატები ეჭირათ წარწერით: "ჩვენ ვაშუქებთ, სააკაშვილი აბნელებს". აქციის ორგანიზატორს, გაზეთ "ასავალ-დასავალს", იდეა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა დიოგენემ შთააგონა, რომელიც დღისით, მზისით, ანთებული ფარნით დადიოდა და ადამიანებს ეძებდა. დღევანდელ რეალობაში კი ისე სწრაფად ქრება ქალაქში პრესის ჯიხურები, რომ თავისუფალი პრესა და შესაბამისად, თავისუფალი სიტყვაც, მალე მართლაც ფარნით საძებნელი გახდება. აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატი: "აქ არაფერი იყიდოთ, ამან წაართვა პრესას ჯიხური"! პლაკატები კი იმ ახალ ჯიხურებზე გააკრეს, რომლებიც პრესის გავრცელების ჯიხურების ადგილას განთავსდა. როგორც "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ განაცხადა, თბილისში პრესის ჯიხურების აღება სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ტერორი. აქციაში პრესის გამავრცელებლებიც მონაწილეობდნენ სპეციალური ურიკებით, რომლებითაც პრესის ჯიხურების აღების შემდეგ ჟურნალ-გაზეთებს ავრცელებენ. მათ ეცვათ ქურთუკები წარწერით: "მე მიყვარს თავისუფალი პრესა".