ივანიშვილის სათადარიგო გეგმა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის სათადარიგო გეგმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგა, ბიზნესმენის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ აამოქმედებდნენ სათადარიგო გეგმას. ივანიშვილმა ჯერ რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მიიღო დოკუმენტი, შემდეგ კი საფრანგეთის საელჩოში ანალოგიური თხოვნით ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ბიზნესმენი მიმართავს საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ აღუდგინონ საქართველოს მოქალაქეობა. საქმე ის არის, რომ იურისტების განმარტებით, საქართველო მიერთებულია ევროპულ კონვენციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ვალდებულია მოქალაქეობის არმქონე პირს, თუ ის საქართველოშია დაბადებული და ქვეყანაში ქონება აქვს, მოქალაქეობა სამი თვის ვადაში მიანიჭოს. ივანიშვილი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. პრეზიდენტის მხრიდან უარის მოტივი შეიძლება იყოს ის, თუ პირი აღიარებულია ტერორისტად, ძებნილია ან საზოგადოებისთვის საშიშია. საქალაქო სასამართლომ მოქალაქეობა აღუდგინა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს.