საკანონმდებლო ტრილერი - კვირის პალიტრა

საკანონმდებლო ტრილერი

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ირგვლივ მოვლენები დრამატულად და უცნაურად განვითარდა. 28 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები აღნიშნულ კანონში, რომლის ერთ-ერთი მუხლი ასეთი შინაარსის იყო: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ". ცვლილება გამოქვეყნებისთანავე შედიოდა ძალაში და შესაბამისად, როდესაც ის 29 დეკემბერს, დილით, "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე განთავსდა, ნორმა ამოქმედებულად ჩაითვალა. საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, პარტიებს უნდა დაებრუნებინათ ის ფულიც, რომელიც ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღეს. ეს კი, ფაქტობრივად, კანონისთვის უკუქმედების მინიჭებას ნიშნავს. ნორმის დამტკიცებას ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აშშ-ის საელჩომ განცხადება გააკეთა; "ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიური გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას". საელჩოს განცხადების შემდეგ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე კანონი ჩასწორდა და შინაარსიც მთლიანად შეიცვალა: "26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს." ექსპერტების შეფასებით, დამტკიცებული კანონის ჩასწორება სამართალდარღვევაა. ოპოზიციის აზრით კი ხელისუფლება უგუნური გადაწყვეტილების გამოსწორებას ცდილობს.