"განსაცდელს ნუ შეუშინდებით" - კვირის პალიტრა

"განსაცდელს ნუ შეუშინდებით"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მრევლს მოუწოდებს, არ შეუშინდეს განსაცდელს.როგორც საახალწლო ტელემილოცვის დროს პატრიარქმა ბრძანა, განსაცდელი წავა და მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს. "ახალი წელი მუდამ საიდუმლოებით მოცულია. არ ვიცით, რა მოგველის ახალ წელს, მაგრამ მაინც ვევედრებით უფალს, რომ მოგვცეს ბედნიერება, მშვიდობა და სიხარული. როგორ უნდა მივიდეთ ამ ბედნიერებამდე, ჩვენ ხშირად არ ვიცით. უპირველეს ყოვლისა, ვისაც უნდა, რომ ბედნიერი იყოს, პატივი უნდა სცეს მშობლებს და უფროსებს, თესოს სიკეთე, ეს სიკეთე კი ათმაგად და ასმაგად დაუბრუნდება. უფალი ბრძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ. ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და ბედნიერება. ბედნიერებისთვის არის დაბადებული ადამიანი. ღმერთი მოწყალეა, ნუ შეუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ", - ბრძანა უწმინდესმა.