"ვამპირები ვეღარ დაბრუნდებიან" - კვირის პალიტრა

"ვამპირები ვეღარ დაბრუნდებიან"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან, რუსული ფულის გამოყენებით საქართველოს უკან დაბრუნებას ვერავინ შეძლებს. "მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ინსტინქტია, ცუდი დაივიწყოს. მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლეფდა, გაქრა ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის. ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, ახლა დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ კართაგენი დაეცეს და იქნებ ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ ისევ მოგვაპარვინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა "მუმიებში" ან "ვამპირებში".