საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა მსოფლიო პატრიარქთან აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს პირველმა ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს 5-კაციანი დელეგაცია თავის რეზიდენციაში მიიღო. აფხაზი სასულიერო პირების მტკიცებით, ისინი კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქის მიწვევით იმყოფებოდნენ და ეს ოფიციალური ვიზიტი და შეხვედრა იყო. საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა ბართოლომეოს პირველის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზებმა გამოგზავნეს არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პირებსაც მიეცათ პატრიარქთან საუბრის შესაძლებლობა. არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს" წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, - არ არის მართებული, ამ შეხვედრას ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან "ოფიციალური ვიზიტი", ან თუნდაც "ოფიციალური შეხვედრა". მსოფლიო პატრიარქის მთავარმა მდივანმა აღნიშნა, - კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის.