"ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას" - კვირის პალიტრა

"ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას"

"ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას, ზოგიერთს ჰგონია, რომ ამ ცხოვრებაში სულ ბედნიერი და გახარებული უნდა იყოს. ადამიანის ცხოვრება კი არის გამოცდა", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

უწმინდესმა შესთხოვა უფალს,  ახალი წელი ქვეყნისთვის იყოს მშვიდობიანი, უხვი, ბედნიერი და საქართველო გაერთიანდეს. "ნუ შეგვიყვანს განსაცდელში, არამედ გვიხსნას ჩვენ ბოროტისაგან". პატრიარქმა ქადაგების დროს ასევე ბრძანა, რომ ყოველი ადამიანი ახალ წელს იმედით უყურებს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ "ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი და ჯვრის ძალა გადაგვარჩენს ჩვენ. ადამიანები ხშირად უსურვებენ ერთმანეთს ბედნიერებას, ბედნიერება კი არის უფალთან სიახლოვე". უწმინდესმა ითხოვა უფლისგან, - ადამიანები, რომლებსაც განსაცდელი აქვთ, იმყოფებიან საპყრობილეში, საავადმყოფოებსა თუ სახლებში, გათავისუფლდნენ განსაცდელისაგან და მისცეს მათ და მთელ საქართველოს სიხარული.