"ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნდა

კონტროლის პალატამ 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2012 წლის 1-ლი იანვრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიშები, მათ შორის მონაცემები გადარიცხვებისა და ხელფასების შესახებ, გამოაქვეყნა.კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ნათია მოგელაძის ცნობით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მოძრაობისგან ანგარიში იმიტომ გამოითხოვეს, რომ მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს აქვს დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები. მოგელაძის ცნობით, "ქართულმა ოცნებამ" პალატას ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა და ფინანსური ანგარიში "ალტერნატიული წყაროებიდან" მოიპოვეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, კონტროლის პალატას ანგარიშები იმიტომ არ მიაწოდეს, რომ მათი მოთხოვნა უკანონო იყო, თუმცა ანგარიში მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მოგელაძის სამსახურს "ალტერნატიული წყაროებიდან" ინფორმაციის მოპოვება არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ მოგელაძემ დააზუსტა "ალტერნატიული წყაროს" ვინაობა, რომელიც ეროვნული ბანკი აღმოჩნდა.