508-დღიანი ტყვეობის დასასრული - კვირის პალიტრა

508-დღიანი ტყვეობის დასასრული

15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების 508-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, მეზღვაურების გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ქართულმა დელეგაციამ შეასრულა, რომელიც სომალის მეზობელ კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.მეზღვაურები სომალიდან კენიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანეს, საიდანაც ჩარტერული რეისით ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი ბათუმში ჩამოფრინდნენ. სტამბოლის აეროპორტში მეზღვაურებს საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერი დახვდნენ. ერდოღანმა სააკაშვილს მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა. აეროპორტიდან მეზღვაურები ოჯახებში დაბრუნდნენ. ქართული მხარე მეზღვაურების გათავისუფლების პირობებზე არ ლაპარაკობდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ მეკობრეებმა გამოსასყიდი არ მიიღეს. თუმცა უცხოური, მათ შორის თურქული მედიის მტკიცებით, მეკობრეებს 3 მილიონი დოლარი ვერტმფრენიდან ჩაუგდეს. მეზღვაურები ტყვეობაში 2010 წლის 8 სექტემბრის შემდეგ იმყოფებოდნენ (ვრცლად იხ.გვ 12, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).