ტრაგედია ადრიატიკის ზღვაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ადრიატიკის ზღვაში

ადრიატიკის ზღვაში, ალბანურ პორტ დურესთან, თურქული ტანკერ "ედირნეს" აფეთქების გამო ორი ქართველი მეზღვაური - ბექა ურუშაძე და მალხაზ ლაზიშვილი დაიღუპნენ. აფეთქების შემდეგ ტანკერი შუაზე გადატყდა და 15 წუთში ჩაიძირა. ურუშაძე და ლაზიშვილი უშუალოდ აფეთქების ადგილას იყვნენ. ურუშაძის ცხედარი მალე იპოვეს, მეორე ქართველი მეზღვაურის ძებნა კი გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ტანკერის აზერბაიჯანელი კაპიტნის, რომელიც ასევე დაიღუპა,  შეცდომა იყო. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, კაპიტანმა პორტში ნავთობის გადატვირთვის შემდეგ არ გასცა სათავსებიდან გაზის გამოშვების განკარგულება, რამაც აფეთქება გამოიწვია. გემზე ურუშაძისა და ლაზიშვილის გარდა, 4 ქართველი მეზღვაურიც იყო. მათი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და იოსებ ქათამაძე, ვლადიმერ ვარშანიძე, კობა ფარტენაძე და ავთო ბასილაძე საქართველოში დაბრუნდნენ.