ილია II ნათლულებს დარიგებით მიმართავს - კვირის პალიტრა

ილია II ნათლულებს დარიგებით მიმართავს

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნათლისღების დღესასწაულზე  ნათლულებს დარიგებით მიმართა.უწმინდესი ბრძანებს, რომ პატრიარქის ნათლულობა დიდი პასუხისმგებლობაა, ნათლულმა უნდა დაიცვას მცნებები, აკეთოს სიკეთე, არ უპასუხოს ბოროტებას ბოროტებით, მოერიდოს მრუშობასა და ლოთობას, უყვარდეს საქართველო, იკითხოს ისტორიული და ფილოსოფიური წიგნები, რაც მას ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება; გაეცნოს ადათ-წესებს, იცნობდეს საკუთარ ფესვებს და იცოდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა; არ გაიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურამ, მაგრამ არც ვიწრო ჩარჩოებში ჩაიკეტოს; ნუ იქნება ზედმეტად ლიბერალი ან უხეში ფანატიკოსი, არც კატეგორიულად მოაზროვნე, არამედ აირჩიოს ოქროს შუალედი; შექმნას ქრისტიანული ოჯახი და იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენსაც უფალი მისცემს და ხშირად იაროს ეკლესიაში.

"შენს თავს, შენს მშობლებს, და-ძმებს, შენს ოჯახს ვაბარებ მაცხოვარს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. მე ვლოცულობ შენთვის, შენ ილოცე ჩემთვის და მე შეგეწევი ორთავ სოფელსა შინა", - ბრძანებს უწმინდესი.

პატრიარქმა სამების ტაძარში კიდევ 575 ჩვილი მონათლა. როგორც ნათლობის დასრულების შემდეგ ბრძანა,  მისი ნათლულების რაოდენობამ 11 ათას მიაღწია. პატრიარქის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სანთლები და "ცხოვრების წიგნი" გადაეცათ. საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და შემდეგი შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.