სტიქიამ საქართველოს რეგიონები დააზარალა - კვირის პალიტრა

სტიქიამ საქართველოს რეგიონები დააზარალა

9 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02.00 საათზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა ფოთში ყველაზე მეტად ქალაქის ცენტრში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა, სადაც 30-ზე

მეტი სახლი უსახურავოდ დარჩა. ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი წვიმა, რომელმაც ზოგ უბანში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. როგორც ფოთის პორტში განაცხადეს, მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ ინფორმაცია ღამის 12.00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც ფოთის საზღვაო აკვატორიაში ყველა გემი გააფრთხილეს, რომ ღია ზღვაში გასულიყვნენ. 9 აგვისტოს შავ ზღვაზე 3-4 ბალის სიმძლავრის ქარიშხალი დაფიქსირდა. კოკისპირულმა წვიმამ და ქარიშხალმა ძლიერ დააზარალა ახალციხის რაიონი. ხუთ სოფელში განადგურებულია ნათესები. სოფლებში დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, უკანა ფშავში კი მდინარე არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა, ჯებირები მოგლიჯა და მთლიანად დააზიანა სატრანსპორტო გზა. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო სამეგრელოსა და გურიის ნაწილის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.