ობამა სააკაშვილს 30 იანვარს შეხვდება - კვირის პალიტრა

ობამა სააკაშვილს 30 იანვარს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს.თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ორი პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "პრეზიდენტი ასევე მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ", - იუწყება ბარაქ ობამას ადმინისტრაცია. ეს ობამას პრეზიდენტობისას აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია. ასევე, წელს სრულდება 20 წელი საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან.