ქრისტიან-დემოკრატები" გია თორთლაძის ინიციატივას ემიჯნებიან - კვირის პალიტრა

ქრისტიან-დემოკრატები" გია თორთლაძის ინიციატივას ემიჯნებიან

"პატრიოტის აქტის" შესახებ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძის ინიციატივას ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" კატეგორიულად

ემიჯნება და სამართალდამცველებისთვის დამატებითი უფლებების მინიჭების ნაცვლად, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის (ოტო) საქმიანობის მონიტორინგის საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ლევან ვეფხვაძემ და ნიკა ლალიაშვილმა განაცხადეს, "პატრიოტის აქტის" მიღების თაობაზე თორთლაძის ინიციატივა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას.

"ასეთი ტიპის დოკუმენტი მოახდენს ქართული სპეცსამსახურების პოლიტიზების ლეგალიზებას, რადგანაც პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალსა და მოსმენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები არც აქამდე ამბობდნენ უარს", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

"პატრიოტის აქტის" პროექტზე საპარლამენტო ფრაქცია ''ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე კი დარწმუნებულია, რომ ამ კანონის მიღება კოლაბორაციონიზმისა და უცხო ქვეყნის ჯაშუშობის მამხილებელი და აღმკვეთი რეალური საშუალება იქნება.