კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს - კვირის პალიტრა

კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს

ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში 13 იანვრის ღამეს, საახალწლო კონცერტისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღმაშფოთებელია სამართალდამცველი სტრუქტურების ძალადობა. როგორც ბიზნესმენი თავის მიმართვაში აცხადებს, ინციდენტს მოჰყვება ადეკვატური რეაგირება კანონის ფარგლებში და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სტრუქტურული ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიებისგან დაცვა უფრო ეფექტური გახდება. მანამდე კი ივანიშვილი მომხრეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. "ასევე, მივმართავთ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს - პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და თავიანთი მოქმედებით ნუ გამოვლენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში", - ნათქვამია მიმართვაში. არსებული ინფორმაციით, საჩხერეში საახალწლო კონცერტისას ე. წ. ზონდერებმა რამდენიმე ახალგაზრდას იმიტომ სცემეს, რომ მათ "ქართული ოცნების" კაშნე ეკეთათ  (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ www.palitratv.ge-ზე).