აფხაზეთში ქართველი მღვდელმონაზონი დააკავეს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ქართველი მღვდელმონაზონი დააკავეს

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქართველი მღვდელმონაზონი იონა სოხუმში დააკავეს. მღვდელმონაზონი სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს. მღვდელმონაზვნის მოძებნას აფხაზი სასულიერო პირებიც ცდილობენ. "მისი დაკარგვის ამბავი ჩვენც შევიტყვეთ და ვცდილობთ, დავადგინოთ, თუ სად იმყოფება. ერთ-ერთი ვერსიით, დაპატიმრებულია, ხოლო მეორე ვერსიით - გატაცებული", - განაცხადა "აფხაზური ეკლესიის" წინამძღოლმა ბესარიონ აპლიამ.

როგორც მღვდელმონაზვნის ნათესავმა ზაალ მაისურაძემ ტელეკომპანიებს განუცხადა, მღვდელმონაზონს ილორის ტაძრისთვის სურათები გადაუღია, რის გამოც დააკავეს და ახლა გამოსასყიდად 100.000 დოლარს ითხოვენ. საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ საკითხს სწავლობენ და მალე განცხადებას გაავრცელებენ. რაც შეეხება შსს-ს, 28 იანვარს სამართალდამცველ სტრუქტურაში არ ჰქონდათ ინფორმაცია გამოსასყიდის შესახებ. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით კი მღვდელმონაზვნის საკითხს 31 იანვარს გალში დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ.