Human Rights Watch-ი გვაკრიტიკებს - კვირის პალიტრა

Human Rights Watch-ი გვაკრიტიკებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა კრიტიკულადაა შეფასებული. კერძოდ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 26 მაისს, ისე როგორც გასულ წლებში, ხელისუფლებამ დაარღვია შეკრებების თავისუფლების უფლება, აქციის დაშლისას ისინიც დააკავეს, ვისაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რამდენიმე მათგანს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და ორი ჟურნალისტი დააკავეს კიდეც. Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, თუმცა, არც ერთს არ გამოუყენებია ეს საკითხი საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვისთვის. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წელს დევნილების გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია, ციხეების გადატვირთულობა კი კვლავ მწვავე პრობლემაა. დოკუმენტში მედიაში არსებულ მდგომარეობას ცალკე თავი ეთმობა. Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოში მედიაგარემო კვლავ არაერთგვაროვანია - მრავალფეროვანი ბეჭდური მედიით, მაგრამ შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით. ანგარიშში ლაპარაკია "პალიტრამედიის" არაგეგმურ საგადასახადო შემოწმებაზეც და ნათქვამია, რომ მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებული იყვნენ, რომ აუდიტის მიზანი იყო "პალიტრამედიის" დასჯა მისი მედიასაშუალებების მიერ 26 მაისის მოვლენების გაშუქების გამო. მედიასთან დაკავშირებულ ანგარიშში "ფოტორეპორტიორების საქმეც" მოხვდა (ვრცლად იხ. გვ. 12).