მედიაგაერთიანებაში 30-ზე მეტი მედიასაშუალება გაწევრდა - კვირის პალიტრა

მედიაგაერთიანებაში 30-ზე მეტი მედიასაშუალება გაწევრდა

მედიაგაერთიანებაში "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" 30-ზე მეტი მედიასაშუალება გაერთიანდა.მედიაგაერთიანების მემორანდუმზე ხელმოწერის ვადა 1-ელ თებერვალს ამოიწურა. მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, 2003 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავდა და ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების საქმიანობას და დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების მიზნით იყენებდა და იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, მედიაგაერთიანების ერთ-ერთ წევრ მედიასაშუალებაზე თავდასხმა  აღქმული იქნება თავდასხმად ყველაზე, რის შემდეგაც მედიაგაერთიანება ერთობლივად იმოქმედებს და დაგეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას. მათ შორის იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსისთვის სპეციალური მიმართვების გაგზავნა. მედიაგაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელი და გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ახალი მედიაგაერთიანება ეფექტური იქნება. "ახალი მედიაგაერთიანება უპირველესად გააძლიერებს მედიის ნაწილს, თავისუფალი მედიის უფლებების დაცვის უფრო მეტი გარანტია იქნება. გარდა ამისა, ეს სხვადასხვა მედიასაშუალებას შორის კომუნიკაციას გააადვილებს, რაც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტუღუშმა. "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის თქმით კი მედიაგაერთიანებაში გაწევრების მსურველ მედიასაშუალებებს მომავალშიც ელოდებიან, თუმცა, ამიერიდან მედიაგაერთიანებაში გაწევრება მხოლოდ ყველა წევრის თანხმობისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"მედიაგაერთიანების მთავარი ამოცანაა უკანონობასთან ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და თანადგომა იქ, სადაც მედიას უჭირს. მედიაგაერთიანება იმიტომ შეიქმნა, რომ თავი დავიცვათ და ადვილად ვეღარ მოგვერიონ. ყველა განცხადებაზე ოპერატიულად მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა ღლონტმა.