ივანიშვილი ობამა-სააკაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ობამა-სააკაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა

"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმ საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობას ეხება. "ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავლისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას და ამ მხრივ მისასალმებელია ამერიკის მხარდაჭერა", - განაცხადა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივას, თუმცა, მისი შეფასებით, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას ხელს უშლის, მიხეილ სააკაშვილია. ბიძინა ივანიშვილის აზრით, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურება არ არის, ამით ობამამ საქართველოსადმი პატივისცემა გამოხატა. "თუმცაღა, ამ შეხვედრაში შეგვიძლია დავინახოთ ქვეტექსტიც, - ობამა სააკაშვილს შეახსენებს, რომ იმედი აქვს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.