მიხეილ სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას ბარაქ ობამას თეთრ სახლში შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია როგორც სუვერენულმა, დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ. აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზეც ილაპარაკა:"მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე გატარებულ რეფორმებს". Mბარაქ ობამას თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო გაღრმავების საკითხი, რომლის შემადგენელი ნაწილი ეკონომიკაცაა. "ჩვენ უნდა განვიხილოთ სამოქმედო გზები, თუ როგორ გავაღრმავოთ სავაჭრო ურთიერთობა, მათ შორის განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა", - განაცხადა ბარაქ ობამამ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაძლიერებაზეც ისაუბრეს და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას. მიხეილ სააკაშვილმა ობამას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის: "მე ბედნიერი ვტოვებ თქვენს ოფისს, რადგან თქვენგან მივიღეთ ის, რისი მიღებაც გვსურდა"", - ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა.

არჩევნების თემას სააკაშვილიც შეეხო: "შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც მალე გაიმართება, ჩვენ გადავდივართ განსხვავებულ კონსტიტუციურ სისტემაზე, რომელიც უფრო აძლიერებს საპარლამენტო ხელისუფლებას. მომავალ წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტსაც ავირჩევთ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას და ბევრად პლურალისტური და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო გვექნება".