"გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა" - კვირის პალიტრა

"გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა"

"ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამების ტაძარში ქადაგებისას, - ყველას უნდა ჰქონდეს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი სიკეთისა.სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". ეს ძლევა უპირველესად ჩვენს გულში უნდა მოხდეს. გულსა და გონებაში თუ გაიმარჯვებს სიკეთე, თუ შენ უარყოფ ბოროტებას გულში, ბოროტი ვეღარ მოგეახლება შენ". უწმინდესმა გაიხსენა ერთი უკრაინელი მეცნიერის საფლავის წარწერა: "სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო". "ამ დღეშია ყველა ადამიანი. სოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი, ზოგი ფულით, ზოგი თანამდებობით. ადამიანმა უნდა გაიგოს, ეს მახეა თუ არა, ეს ცდუნებაა თუ არა. მინდა ყველამ ვიფიქროთ ამ საკითხზე. მაგალითად, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ სოფელმა ვერ დამიჭირა, დროდადრო იჭერს სოფელი ადამიანს, მაგრამ ის უნდა გათავისუფლდეს. სადღაც ადამიანი შეცდება, დაეცემა, ცუდ სიტყვას იტყვის, გაიფიქრებს, განიკითხავს, ეს ყველაფერი დაჭერაა", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).