პროვოკაციული სროლები და ბრალდებები - კვირის პალიტრა

პროვოკაციული სროლები და ბრალდებები

ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარის მიმართ პროვოკაციულ გამოხდომებს მოუხშირეს.

29 ივლისს და 1-ელ აგვისტოს ცხინვალმა ქართველებს კონფლიქტის ზონის მიმართულებით ცეცხლის გახსნა დასწამა.

ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს ოსი სეპარატისტების ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს ქართველმა სამართალდამცველებმა ერედვის მოსაზღვრე სოფელ დიციდან ოსურ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, 1-ელ აგვისტოს კონფლიქტის ზონაში არათუ ქართული მხრიდან, არამედ საერთოდ სროლას ადგილი არ ჰქონია. სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და  პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებების მიხედვით, ,საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მიმართულებით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და  ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად.