არშემდგარი სარჩელი - კვირის პალიტრა

არშემდგარი სარჩელი

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.მოქმედი კანონმდებლობით საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ეს კი ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის აზრით, არღვევს საკონსტიტუციო ვადებს - პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად, 4 წელი და 6 თვე გამოსდის, პრეზიდენტს კი პოსტზე ყოფნა 5 წლის ნაცვლად, 5 წლითა და 10 თვით უწევს. დევდარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტოს კი 2013 წლის იანვარში ითხოვდა. "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" ინიციატივას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ოპოზიციამ საკონსტიტუციო სარჩელის უკან ხელისუფლება დაინახა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ არსებული ვადების დარღვევა არც მათ ინტერესში შედიოდა. აჟიოტაჟის შემდეგ, მიხეილ დევდარიანმა სარჩელის შეტანა გადაიფიქრა და განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა, როგორც ჩანს, ყველას აძლევს ხელს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).