"ეს შენ გეხება" - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხება"

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლის მიხედვითაც 2011 წლის დეკემბერში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია.პეტიციის ავტორების აზრით, ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; საფრთხეს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის - მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.  პეტიცია და  საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის პაკეტი,  რომელშიც ჩამოყალიბებულია  ზემოხსენებულ კანონთან დაკავშირებული  შენიშვნები, პარლამენტში შევიდა.

პარალელურად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა  პარლამენტთან საყვირების აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურები წარწერით: "ეს შენ გეხება" და ხელში ეჭირათ პლაკატები "ეჭვით შევცქერი ახალ კანონებს, რაც საარჩევნო ოინს მაგონებს", "შეუძლია ახალ კანონს, ყველა ჩიხში შეგვიყვანოს".  პეტიციაზე ხელმომწერნი იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდი მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).