პატრიარქი ისრაელში იმყოფება - კვირის პალიტრა

პატრიარქი ისრაელში იმყოფება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმინდა მიწაზე, იერუსალიმში გაემგზავრა. კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის საპატრიარქომ, პირადად პატრიარქმა თეოფილე III-მ და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვიეს. "ღვთის მადლითა და ლოცვა-კურთხევით მივემგზავრები წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, და ჩვენი მთავარი მიზანი არის ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის", - ბრძანა გამგზავრებამდე უწმინდესმა.

პატრიარქმა მოილოცა ჯვრის მონასტერი, ღვთისმშობლის საფლავი, წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, მოინახულა იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები. ილია II ეწვია მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანი სცა სპარსთაგან მოწყვედილი მოწამეების წმინდა ნაწილებს. პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლინა. ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი შეხვდა თეოფილე III-სა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. ილია II მოილოცავს მაცხოვრის შობის ტაძარს, ილია წინასწარმეტყველის ეკლესიას, წმინდა გიორგის საფლავსა და ეკლესიას, წინასწარმეტყველ დავითის საფლავს, წმინდა გერასიმეს მონასტერს, მაცხოვრის ნათლობის ადგილსა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. უწმინდესი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, ქნესეთის თავმჯდომარე რეუვენ (რუბი) რივლენს, იერუსალიმის მერს, მთავარ რაბინებს და ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს.

პატრიარქი საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.