პრეზიდენტი პარლამენტში - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი პარლამენტში

28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.50-წუთიანი გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. კერძოდ, ყოველი ოჯახი მესამე ბავშვზე ერთჯერად დახმარებად 1.000 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნოზე კი 2.000 ლარს. ასევე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოქალაქე, რომელიც მეორე პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტს, 1.000-ლარიან განათლების ვაუჩერს მიიღებს. ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება იყო, რომელიც 29 თებერვალს ამოქმედდა. სხდომათა დარბაზში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის გამოსვლები დაიწყო. სააკაშვილი ოპონენტების გამოსვლებს რეპლიკებს ურთავდა.

მაგალითად, 53-ე სკოლიდან გარიცხულ 15 წლის მიხეილ ალექსიძეს ხულიგანი უწოდა, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს კი, რომელმაც გამდიდრებული მინისტრების სასახლეების სურათები გადასცა, "გაიშნიკი".  მისი თქმით, ცაგარეიშვილი "გაიშნიკობით" წელიწადში მეტ ფულს აკეთებდა, ვიდრე ადეიშვილი წლების განმავლობაში ხელფასით იღებს. კულმინაცია პრეზიდენტისა და "ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიას დაპირისპირება იყო. ბაღათურიამ პრეზიდენტის საოჯახო ბიზნესზე საუბრისას ისიც თქვა, რომ ბალნეოლოგიური კურორტი სააკაშვილის მამის საკუთრებაა.Pპრეზიდენტმა მას გამოსვლა შეაწყვეტინა და უთხრა, ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში, კარგად დაგზელენ და გაგივლის ეს ფანტაზიაო". Aამის შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა, დაბრუნებულმა კი "ფარჩაკებსა" და "ნაძირლებზე" ისაუბრა, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. სააკაშვილის თქმით, ის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარანტი იქნება, მაგრამ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა პარტიამ არჩევნები მოიგოს  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).