დიდი დაკითხვა - კვირის პალიტრა

დიდი დაკითხვა

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა რეგიონებში "პოლიტიკური სუბიექტის თვალთმაქცური გარიგებით  დაფინანსების" მუხლის საფუძველზე ასობით მოქალაქე დაჰკითხა.დაკითხვა ხშირად 5-6 საათი გრძელდებოდა, დაკითხვის ვიდეოჩაწერა რომ არ დაეშვათ, მოქალაქეებს ტანსაცმელს ხდიდნენ,  ჩხრეკდნენ, აფერხებდნენ მათთან ადვოკატების შესვლას და ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. მონიტორინგის სამსახურში დაბარებულთა შორის იყვნენ როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები, ისე ის პირები, რომელთაც ამ საზოგადოებრივ  ორგანიზაციასთან კავშირი არ ჰქონიათ. დაკითხულების ცნობით, მათ ემუქრებოდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ან ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნით. იმ პირების მიმართ, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადდნენ, პოლიციამ საქმე აღძრა. მოგელაძის უწყების თვითნებობა დაგმეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის წამყვანმა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კამპანიამ "ეს შენ გეხება". მათ კონტროლის პალატას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. სახალხო დამცველმა კი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტების მოკვლევა დაიწყო.

ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია  Amnesty International-მა და კონტროლის პალატას ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა. (ვრცლად იხ. 3,5,6)